გიორგი ლეონიძე

მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“

მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“
წუხელის დიდხანს, გათენებამდი,
როგორ გლეწავდნენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!

გამოვვარდები, ხარ თუ აღარა,
კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?
ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებს
და მიხარია, რომ ისევ დგეხარ!

შევხარი დილის ორთქლიან პურებს,
ახალ სართულთა წითელ აგურებს,
ვარდის საპალნეს ტაბახმელიდან
და მას - ამ ვარდებს ვისაც არგუნებ!

1929