გალაკტიონ ტაბიძე

პროლოგი 100 ლექსის

რა საოცარი დასრულდა წლები!
მეფეთა წყება გაქრა, ვით ლანდი,
მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს,
ნიკოლოოზი და ფერდინანდი.
მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა,
სხვაზე იფიქრებს მარტილოლოგი:
იმ მრისხანე წელს პოეტი-მეფე -
გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი.
ჰანგების მეფე - დიდი სენ სანსი
და დირიჟორი ნიკიში მძლავრი...
ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი,
მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,
რომ გამომევლო ჯერ არსმენილი
ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა
და მომეტანა საქართველოში
სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა!

1925