გალაკტიონ ტაბიძე

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტიცხოვლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის.
სიმღერები ხალისის და ბრძოლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!