მშობლიურო ჩემო მიწავ!
(შემოკლებით)
სამი დიდი ოკეანე
გარე უვლის ნათელ მხარეს!
მთვარიანი და მზიანი
ზეცა აფრქვევს სიანკარეს.
ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო -
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!ასწით კავკასიის ფარდა! -
ეს ამერი და იმერი,
მისი „ხელი ხმალს იკარ“ და
მისი „მრავალჟამიერი“.
მიყვარს მარად მხნე და ძმური
ის გურია და სვანეთი,
თუში, ფშავი და ხევსური,
აჭარა და თრიალეთი.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს უფლებას,
შენს უფლებას სისხლით ვიცავ!აღმოსავლეთ-დასავლეთის
გზა მიხვეულ-მოხვეული,
იავნანა მეგრელ დედის,
აფხაზური, მოხევური,
ლაზთა რბევა, სისხლის ტბორით
შეღებილი ქართლ-კახეთი!
რაჭა-ლეჩხუმია შორით,
ახლო - მესხეთ-ჯავახეთი...
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას,
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!ოცდაექვსი საუკუნის
წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს,
ხელნაწერნი განვლილ დროის
მოგვითხრობენ გმირთა ამბავს -
სუნთქვა ძველი წიგნებისა,
მშვენიერი ძველი ენა,
სული ქართლის ცხოვრებისა,
რუსთაველის აღმაფრენა!
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ უძველეს განძს,
იმ უძველეს წიგნს დავიცავ!