გალაკტიონ ტაბიძე

ახალგაზრდობას

ახალგაზრდა კვლავაც გზნებით
ხალხში უნდა ტრიალებდეს,
გრდემლსა სცემდეს და მინდვრადაც
მერანს მიაქრიალებდეს.
სადა იგრძნობს უმართლობას -
შურისგებით იალებდეს,
კვლავაც რწმენის და სიმართლის
დროშას ააფრიალებდეს.
რომ ხელმარჯვედ მოქნეული
ომში ხმალი წკრიალებდეს,
ხმალი, ხმალი! რომ მტერს მისგან
ტანში გააჟრიალებდეს.
რომ მშვიდობის დროს წიგნებზე
ტყის ფოთლები შრიალებდეს,
რომ უხუცესთ მიმყოლი გზით
ახალს გააკრიალებდეს.
რომ სამშობლოს ერთგულების
ფიცის სიტყვა იალებდეს
და სახალხო მგოსნის ჩანგიც
გამარჯვებით გრიალებდეს.

1948