გალაკტიონ ტაბიძე

არწივებს ჩასძინებოდათ

ჩასძინებოდათ არწივებს,
სთვლემდნენ მუხათა ტოტები,
ბნელ ღამეს ააქარცივებს
მკივანი მიკიოტები.
არწივებს ჩასძინებოდათ,
ბედი არ სთვლემდა ცბიერი:
შორით შორს ალი ჩნდებოდა,
ცეცხლი გორავდა ძლიერი.
ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,
როგორც ძნას შემოდგომისას.
არწივებს ჩასძინებოდათ,
სიზმრებს ხედავდნენ ომისას.
ცეცხლი, ხავსებით დახალულს,
გზებს ალით შემოამძივებს,
იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს
ჩასძინებოდათ არწივებს;
გამოეღვიძათ არწივებს...
ცეცხლი! - შესძახეს წივილით,
ცეცხლი! - მიდამოც გასწივის,
ცეცხლი! - ტყე ამბობს ტკივილით.
არწივებს გაკიდებული
ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,
ფრთებზე ცეცხლწაკიდებული,
შორით გაფრინდნენ ვეღარა,
იქვე დაეცნენ სამზირად,
გულს თუმც გაფრენა სწადიან,
დაღლილნი, არაგვის პირად
ფრთადაკიდულნი დადიან:
„არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა“.

1916