შოთა ნიშნიანიძე

გოგებაშვილის „დედა ენა“

- ეს წიგნი ერის ბურჯია! - ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი.

მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.

პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა
და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.

მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთში,
თუ „დედა ენას“ მიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის,

თითს გააყოლებს ასოებს:
ვაზის ლერწს,
ნამგალს,
ნიამორს,
ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო.

იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.