* * *
ციცინო დადიან-ერისთავის ხსოვნას
ხატთან ანთია სანთელი ორი,
ორივ პაწია და თანასწორი,
სულის მეოხად შენი ერთასი...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
წმინდა სამთავროს...
ალვის სადარო,
დახრილი წამით,
მოხრილი მუხლით ხატის წინ შვენი...
შენ ამბობ:
- იყავ ნებაი შენი!
მე ვამბობ:
- ამინ!
და... შემოხეთქა ქარმა კარები,
მიმოგირხია ვერცხლის კავები...
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა
და თან წაიღო „მოვედ სუფევა“...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
ტაძრად სამთავროს...
მაგრამ შენ სად ხარ, ალვის სადარო?1946