ანა კალანდაძე

შორია თამარ

მზის ღიმილი აღაჩინა ცამან,
ვარდს აღმოხდა ხმაჲ საოცარი:
ფეხშიშველი მიდიოდა თამარ...
დედოფალო, საით მიიჩქარი?
ძოწისფერად ირიჟრაჟა ცამან
და პეპელას აღვიძებდა ქარი...
მდუმარ იყო, ნაღვლიანიც იყო...
მზე შეიჭრა ნაძვის სამეფოში...
და ძვირფასი თანმიჰქონდა მიმყოლს
მარგალიტით მოჭედილი ქოში...
მდუმარ იყო... ნაღვლიანიც იყო...
მზე შეიჭრა ნაძვის სამეფოში...
რტოს არხევდა, ნამს იშრობდა ნაძვი,
ყაყაჩოებს ცეცხლი ენთოთ ტანზე...
მიდიოდნენ, მიდიოდნენ ასე...
ბოლო მაინც არ უჩანდა მანძილს...
ტროს არხევდა, ნამს იშრობდა ნაძვი,
ყაყაჩოებს ცეცხლი ენთოთ ტანზე...
ჩუმი ნამი ირეკლავდა არილს;
დედოფალსაც როგორ გაეცინა,
როს პეპელა აუფრინდა წინა
ჭრელი, პაწაწინა...
არწივი ხმობს, „ნიშანია დარის“...
ჩუმი ნამი ირეკლავდა არილს...
დედოფალი ლაღადმყოფი ნახეს,
დრო მიეცათ მისსა ჩუხჩერახებს,
სწამდათ, მაგრამ მაინც ანუგეშეს:
ნუქარდინი შენთა ფეხთა ქვეშე
დააფენსო თავის ბაირაღებს...
ერთგან შედგა, თვალი უსწრო ფრთამალს, -
გამარჯვებას უყიოდა თამარს,
ბებერ კლდეზე არწივი რომ იჯდა:
ფრთას გაშლისო საქმე შენთა ნიჭთა...
ფეხები ხომ არ სტკენია თამარს?
არა, კლდეზე თვალი უსწრო ფრთამალს...
მიმწუხრისას, მზეჲ როცა დაცხრა,
დედოფალი ლოცვად იდგა ტაძრად:
- გადმოგვხედე, ღვთისმშობელო დედაო,
გაგვიმარჯვე ქართველთ მტერთა ზედაო:
საქართველო შენი წილმიმხვდარია...
გაგვიმარჯვე, ღვთისმშობელო მარიამ... –
მიმწუხრისას, მზეჲ როცა დაცხრა,
თამარ მეფე ლოცვად იდგა ტაძრად...

მაღალ მთებსა ისევ ნისლი ფარავდა...
არ ფხიზლობდნენ ნუქარდინის კარავთან.
რის სიფხიზლე? ისეც ბევრნი არიან!
რისი შიში? უთვალავნი არიან!
რა ხმა ისმის ნეტავ? საოცარია...
ქრისტიანთა ეკლესიის ზარია?
გაიღვიძეთ, ეს ხუმრობა როდია?!
როგორ, ვითომ, ქართველები მოდიან?
გონს მოვიდნენ, ზე შემოსხდნენ სპილოთა,
აქლემების სპათა უნაპიროთა
ჩვენსკენ სძრავდნენ, ჩვენ გვისევდნენ რისხვითა
გვერდშეჯარულთ სამი სწრთისა ისრითა...
როცა ძალა ძალას ვერა მორევსა,
ნათქვამია, ხერხი სჯობსო ღონესა:
ქართველებმაც „ზე კი არ ჰკრეს სპილოსა“,
უცაბედად “ქვე შემოჰკრეს რბილოსა“:
სარდლის რჩევით მაშხალები აანთეს,
აქლემ-სპილო ცეცხლის ალით დააფრთხეს,
ერთურთს ხოცდნენ, თავი ვეღარ გაართვეს...
დამფრთხალ მხედართ ცხენთაც თავი წაართვეს...

. . .
მოვიდა მცხოვრებთა მოსრვად და თრევად,
მოვიდა თვისივე სისხლისა თხევად;
გაბრუნდა უკან ცუდდანაშევრი...
ეჰა, ნუქარდინ, საქმენი შენნი...
გეზღო ესოდენ ბოროტს და თამამს,
გაქრა, ნუქარდინ, ოცნება ამო,
შორია თამარ...
გზე ფეხშიშველო გამოვლო თამარ
თავის ხალხის და სამშობლოს გამო...
შენ მოდიოდი ხატების ლეწვად,
ჩვენს აღსაგველად პირისგან მიწის...
ქართველს ჯავშანი აკვანში ეცვა,
მან ხმლის ხმარება აკვანში იცის...
გეზღო, ნუქარდინ, ბოროტს და თამამს,
ქართველი ხალხი უნდოა მტერთან...
სუსტია თამარ, მძლავრია თამარ
და არცა ღირს ხარ მის ფეხთა მტვერთა
მოწმენდად ძვირფას ხამლისგან მისა!
შენ მისთვის ბრძანე დაცხრობა მზისა,
მზე დაცხრა შენდა!
მზე აღმოხდება მის ლამაზ პირსა,
როს უამბობენ საქმეთა შენთა!
აუ, ნუქარდინ, ახლახან მხოლოდ
იცვამს მზექალი მზეასხმულ ქოშებს
და ანანავებს ვარძიის ქარი
საქართველოჲს უძლეველ დროშებს...
ეჰა, ნუქარდინ, ბედია მწყრალი,
გესმის სულთანო, მღერა ბარბითთა,
ხმა მოლხენისა გაჭრილი ველად?
ეს - „თამარ წყნარი და შესაწნარი“
შენს ალამს გზავნის დიდის ამბითა
შეწირვად გელათს!

1946