ანა კალანდაძე

* * *

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“...
თუ, ეს მართალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სული სიმშვიდის, სული სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
– გულზე დამადგით, ფეხი დამადგით
გულზე ყოველთა...

1959