აკაკი წერეთელი

სიმღერა ძველთა

ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ,
მტერს როგორ შევუშინდები!
სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ,
სულითაც დავეწინდები!

გარს გინდა გუნდი მეხვიოს,
მარტოსა მეჯარებოდეს,
თუ რომ გავიქცე „ფუ“ მითხრან!
დარჩენა მეჯავრებოდეს!

ჩემი ძველების ანდერძსა
ვერ გავტეხ დიაცურადა:
ან მოვკლავ, ან შევაკვდები
ქვეყნის მტერს ვაჟკაცურადა.

და ანდერძს გაუტეხელად
გადავცემ შვილისშვილებსა...
ერთის დგმის ღვაწლი მეორეს
ცხოვრებას უადვილებსა.

გულს ვერ გავიტეხ ქართველი,
ვერ დავაჩლუნგებ ძველს ხმალსა,
და ვერც დავჰკარგავ გულგრილად
წინაპართ გზასა და კვალსა!

ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ,
მტერს რაღად შევუშინდები!
სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ,
და სულით დავეწინდები!..

1886