XIX საუკუნეში რუსეთმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და აკრძალა ქართულად წირვა-ლოცვის ჩატარება. ასევე აკრძალა ქართული სახელების დარქმევა და ქართული გვარ-სახელების რუსულ ყაიდაზე გადაკეთება იწყო. ქართული ეკლესია-მონასტრები რუსების ხელში გადავიდა. მრავალ სხვა სიწმინდესთან ერთად მათ საქართველოდან წარიტაცეს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარიც, რომლითაც მოციქულთა სწორმა ქართველნი ქრისტეს რჯულზე მოაქცია (წმინდა ნინოს ჯვარი მხოლოდ მოგვიანებით დააბრუნეს საქართველოში). სწორედ ამ უბედობას დასტიროდა აკაკი, როცა ამ ლექსს წერდა:

აკაკი წერეთელი

ნინოობას

იტირე, მიწავ, სამშობლოვ!
ზარი აუშვი, ზეცაო!
ისტორიულმა ღვთის რისხვამ
დღეს ჩვენთვის იორკეცაო!..

ენაც წაგვართვეს და რჯულიც,
ნათელი რამღა გვფინოსო?
„თამარ“ მონათლეს „თამარად“,
„ნინა“ დაარქვეს ნინოსო!

სად არის კუბო თამარის,
ქვეყნისგან ნაამბორისა?
ვის ხელში არის საფლავი
ნინო მოციქულთ-სწორისა?..

სადღაა ჯვარი ვაზისა,
შეკრული წმინდის თმებითა?
დასდუმდა მისი ტროპარიც,
ქართულის კილო-ხმებითა!

ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს
წვალება შემოერია,
და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე
„ქართველი“ აღარ სწერია!

ვიტიროთ?!... არა! ვაჟკაცსა
არ შვენის ცრემლით გლოვანი!..
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!“

1891