აკაკი წერეთელი

ნათლისღება

ვუძღვნი პატარა ილიკოს

კურთხეული კიდით-კიდე
მადლით ღელავს იორდანე,
შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს
ერთად წმიდა იოანე.

არემარეეს, იქ მღელვარეს,
მიმოავლო ლოცვით თვალი
და იხილა შორით სერზე
მგზავრი შორით მომავალი.

ერს შეჰყვირა: „აჰა, მოვალს! -
და უჩვენა მგზავრი თითით, -
მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა,
ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“

მოახლოვდა მგზავრი, მდაბლად
მოიკითხა იოანე...
უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად,
მეც გამწმინდე და გამბანე“.

ჩადგა წყალში იოანე,
ნათელს-სცემდა წმიდა წყლითა
და იმავ დროს მტრედის სახედ
გადმოვიდა სული-წმიდა.

1890