აკაკი წერეთელი

ჩანგური

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს გული წმინდა,
გულს იმედით ახურებდეს!

ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების,
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!

აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმას,

რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს კი გულში ძგერით
ლახვარივით ესობოდეს!..

მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
აშორდება უქმად გდება,
და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოტყუვდება!

გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვინმეს მივეფერო
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!..

რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო,
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!

სხვისი ლხენით რომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვიარებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!..

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
და გულს წრფელად ახურებდეს!

1871