აკაკი წერეთელი

ჭაღარა

ის აღარ ვარ, რაც ვიყავ,
ძველი ყოფილა ჭაღარა...
ვეღარ გაჰკივის თამამად
ჩემი დაფი და ნაღარა.

გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევრი „ვაის“ მნახველი
და ბევრი „ვუის“ გამგონე.

ამევსო გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა,
ისე, ვით საუკუნენი -
სხვადასხვა მრავალ წამითა.

მაშ რაღად მინდა სიცოცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა,
თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას აოხრებულსა?

მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,
რომ გამიელვებს გლახ-გულსა,
თავი ტარიელ მგონია,
ოცნებით გარემოცულსა.

ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი-მხარს მივცეთ, ხელი-ხელს,
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოელის ტურფა გამომხსნელს!

რა ვუყოთ, თეთრი მერიოს?!
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ
ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.

მაგრამ, ვაიმე, რომ ეჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს:
მაცდურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს, გულს მიხეთქს!..

ამბობს: „ფრიდონ და ავთანდილ
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!..
და შენც ტარიელს მოჰგავხარ
ისე, ვით კატა ლომსაო“.

მართალი არის, მაგრამ რა?
რისთვის დავჰკარგო იმედი?
გმირს წინა-უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!..

არა! აყვავდეს იმედი!.
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!..
გმირებს უძახის... უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა!..

1886