აკაკი წერეთელი

ახლანდელი პოლიტიკა

მოლამ, ყანდმა და ახუნდმა
შეჰკრეს კავშირი ძლიერი,
რომ გადიყვანონ ყირაზე
საბრალო ქართველი ერი.

წვერებზე მოისვა ხელი
მოლამ, სთვა: „ბისმირ ჰალლაო!..
ამ ხალხის გასათათრებლად
უნდა ვიხმარო ძალაო...

„ავკრძალავ წირვა-ლოცვის დროს
მათ ენას მამა-პაპურსო
და მივსცემ სამაგიეროდ
ჩვენს მეტყველებას დათვურსო“.

ყანდმა მიუგო ღიმილით:
„ჰა, ქეშეშ, ბარაქალაო!
სიმართლეს ჯანი გავარდეს,
ხალხიც მას ენაცვალაო!

„თვითონ მე გავასამართლებ
ჩვენგანვე გარყვნილ ერსაო!
გინდა სტყუოდეს, გინდ არა,
გავწირავ, როგორც მტერსაო...

ნელ-ნელა გადავასახლებ...
იმათ დაუდგეს თვალიო!
და მაშინ სულ ჩვენ დაგვრჩება
მათი მიწა და წყალიო!..“

ახუნდმა უთხრა: „იახში!
მეც ვეთანხმები მაგათო!
და სკოლებს გადავაკეთებ
ხალხისთვის ვირის ბაგადო,

რომ სხვისი ვერრა ისწავლონ,
თავისიც დაავიწყდესთო
და მათი ტკბილი განზრახვა
უდროოდ დაუმიწდესთო!“

ერთხმად დასწერეს: „ილ ალლაჰ!“
ჩაყლაპვას გვემუქრებიან,
და ზოგნი, თურმე, ჩვენშიაც
იმათ ბანს ეუბნებიან.

1886