ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდნენ: სოფელი ავაშენოთო!
ძაღლმა უთხრა: როგორ ავაშენოთო?
მამალმა უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.
წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელას ხმა ესმა, მოვიდა და მამალს ჰკითხა: მანდ რას აკეთებო?
მამალმა უთხრა: სოფელს ვაშენებთო.
მელიამ უთხრა: ჩამოდი, სახლის ადგილი მომიზომეო!
მამალმა უთხრა: მამასახლისი მანდ წევს, გააღვიძე და ეგ მოგიზომავსო!
მელია მამლის ნდობამ შეაცდინა, მივიდა ძაღლთან, გააღვიძა და უთხრა: ადექი, სახლის ადგილი მინდაო.
წამოდგა ძაღლი, გამოუდგა მელიას, დაჩეჩქვა და კუდი მოწყვიტა. წავიდა დაკოდილი, დაგლეჯილი მელა, გორაკზე შედგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართა და თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, იმასაც ნახავთო!