ორი მეფე შეიბა. ერთმა მეორეს სძლია, დაიჭირა და ორმოში ჩააგდო. გავიდა რამდენიმე დღე. მოვიდა ერთი ნაცნობი და მეფის ორმოდან ამოყვანა მოინდომა. ჩასძახა ორმოში: კარგს არ ვიზამ, რომ ამოგიყვანო და გაგაპაროო? მეფემ მადლობა მოახსენა. კაცმა მოიტანა თოკი და ამოიყვანა. კიდევ უთხრა: კარგი არ ვქენი, რომ ამოგიყვანეო? მეფემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. კაცმა მესამედ გაუმეორა: კარგი არ ვქენიო? ეწყინა მეფეს და დაიძახა: ვინ ხართ აქ, ამ კაცმა გამაპარაო. მოცვივდნენ დარაჯები, ორივე შეიპყრეს და მეფეს ჰკითხეს: თუ გაგაპარა, რატომ არ გაიპარე, ყვირილი რატომ ატეხეო? მეფემ უპასუხა: სანამ ამომიყვანდა, ყვედრბით ამავსო, ამომიყვანა და ისევ მაყვედრებდა, შინ რომ წავსულიყავი, მაშინ სულ დამახრჩობდა ყვედრებით და ისევ აქ ყოფნა ვარჩიეო.