იყო ერთი ცალთვალა მეფე. ჰყავდა ერთი ხელოვანი მხატვარი. მეფეს უნდოდა ამ მხატვრისთვის რამე მიზეზი ეპოვნა და უბრძანა: ჩემი სახე უნდა დახატოო. მხატვარმა იფიქრა: ახლა კი მოვიდა ჩემი უკანასკნელი დღე, ბრმა რომ დავხატო, მომკლავს - როგორ მაკადრეო, ორი თვალით დავხატო და თავს მომჭრის, როდის არის ჩემი მსგავსიო. იფიქრა და ეს ხერხი მოიფიქრა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი დააჭერინა, ცალი თვალი დაუხუჭა და დამიზნებული გამოხატა. მიართვა მეფეს. მეფემ მიზეზი ვერაფერი უპოვა და ასე გადარჩა მხატვარი.