ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ; გაუდგნენ გზას. შეხვდათ წყალი.
მორიელი დაღონდა, გაცურვა არ შეეძლო. კუმ უთხრა: ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო.
შეაჯდა მორიელი ზურგზე. კუმ რომ წყალში შესცურა, მორიელმა კისერში კბენა დაუწყო.
კუმ ჰკითხა: ძმაო, რას შვრებიო? მორიელმა უთხრა: რა ვქნა, ასეთი გვარისა ვარ,
მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვკბენდეო. კუ ჩაყურყუმალავდა, მორიელი წყალს მისცა
და უთხრა: ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი თუ მოშხამულ ხორცს არ მოიბანს,
გასივდება და მოკვდებაო.