ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩენია. წაიყვანა და გაზარდა. ლომი რომ წამოიზარდა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა.
ერთ დღეს ნადირი ვერ იშოვნა და თავისი გამზრდელი კატის შეჭმა მოინდომა. კატამ რომ შეიტყო, გაიქცა და ხეზე ავიდა. ლომი ხის ძირში დაწვა და კატას ასძახა: ჩემო დედის უსაყვარლესო და ჩემო გამზრდელო, ყველა შენი ხერხი და ზნე რომ მასწავლე, ეგ ხეზე ასვლა რად არ მასწავლეო?
კატამ უპასუხა: ეს ჩემთვის შემოვინახე, რომ ასეთ გაჭირვებაში გამომდგომოდაო.