იყო ერთი ხარაზი, რომელსაც უცნაური რამ სენი სჭირდა: როდესაც ვინმე მის წინაშე სხვა ხარაზისაგან შეკერილ ჩექმებს მოიწონებდა, თავბრუ ეხვეოდა, გული უწუხდა და ლოგინად ვარდებოდა. რამდენადაც სიბერეში შედიოდა, იმდენად ამ ხარაზს თავისი სენი უძლიერდებოდა. ბოლოს საქმე იქამდის მივიდა, რომ საბრალო ხარაზი გადადებული ავადმყოფი შეიქნა.
მისმა მეზობლებმა იფიქრეს, ითათბირეს და ავადმყოფის სანუგეშებლად და გამოსაბრუნებლად ასეთი ღონე არჩიეს: მივიდნენ ყველანი ერთად ლოგინში მწოლიარე ხარაზთან და მის დასარწმუნებლად ტყუილად შეჰფიცეს:
- ხელმწიფემ ბრძანება გასცა, რომ ამიერიდან ჩვენ ქვეყანაში ყველას, შენს გარდა, ხარაზობა უნდა აეკრძალოსო; ხარაზებს უფლება ეძლევათ დურგლობას მიჰყონ ხელი; ხოლო ვისაც ეს არ ჰსურს, უნდა სხვა ქვეყანაში გადასახლდესო.
ავადმყოფმა ხარაზმა ეს რომ მოისმინა, უფრო შეშფოთდა:
- თუკი ხარაზობას ყველას მიატოვებინებენ, მაშ მე ვისღა უნდა შემადარონ და მამჯობინონო, - წარმოთქვა საშინელი მწუხარებით და განუტევა სული.