ალექსი მირიანაშვილი

სამი უნარი

ერთმა ხელმწიფემ თავის ქვეშევრდომთ გამოუცხადა:

- ვინც ჩემს თვალწინ დიდ უნარს რასმე გამოიჩენს, მას ისე დავასაჩუქრებ, რომ საუკუნოდ ბედნიერი შეიქნესო.

ამ ბრძანებაზე ხელმწიფეს სამი კაცი გამოეცხადა: ერთს ხელში წერაქვი ეჭირა, მეორეს ვეება ტიკი, მესამეს ნამგალი.

მეფემ წერაქვის პატრონს ჰკითხა:

- აბა მითხარ, შენ რა უნარი გაქვს და ან ხელში წერაქვი რად გიჭირავსო?

- ამ წერაქვითო, - მიუგო მან, - მიბრძანეთ და რომელ ქალაქსაც გინდათ, ერთ დღეს, დილით საღამომდე, ისე დავანგრევ, რომ ქვა ქვაზედ აღარ დარჩესო.

შემდეგ მეფე მიუბრინდა ტიკის პატრონს:

- აბა, ახლა შენ მითხარ, რა შეგიძლიან და ან ტიკი რად გიჭირავსო?

ამანაც მიუგო:

- მე, შენი ჭირიმე, მიბრძანე და ამ ტიკს ღვინით სავსეს უსუნთქებლად დავცლიო.

მეფემ ჰკითხა აგრეთვე მესამეს:

- მითხარ, შენ რიღას შემძლე ხარ და რას ნიშნავს ეგ შენი ნამგალიო?

- მე, - მიუგო ამან, - ამ ნამგლით სამი დღის ყანას ერთ დღეს, დილით საღამომდე, ისე მოვმკი, რომ თავთავიც აღარ დარჩესო.

ხელმწიფემ რა მოისმინა სამთავეს უნარი, ასეთი განაჩენი გამოუცხადა:

- ვინც ერთ დღეს ქალაქის დანგრევას იკვეხის, ის ქვეყნის მავნებელი უნდა იყოს, ვინც ღვინით სავსე დიდი ტიკის დაცლას, ის თავის თავის მტერი. ავის საქმისათვის ჯილდოს მიცემა ხელმწიფეს არ შეშვენის. ამიტომ მიბოძებია ჩემი საბრძანებლიდან ასი ათასი დღიური მიწა, ტყითა და ველით შემკობილი, მენამგლისათვის, რადგან ნაყოფიერი და ქვეყნისათვის სასარგებლო უნარი მხოლოდ ამას ჰქონიაო.