ორი კაცი მეზობლად ცხოვრობდა; ერთი იყო შრომისმოყვარე, მეორე საშინელი ზარმაცი. შრომისმოყვარე დღითი დღე შენდებოდა, მდიდრდებოდა. ზარმაცი კი სულ უკან-უკან მიდიოდა. ხალხმა ზარმაცს კილვა და ძრახვა დაუწყო: რა დაგმართვია, შენ უბრლო ქოხი ვერ შეიძინე, რომ თავი შეაფარო და შენმა მეზობელმა კი, დახე, რა დარბაზი წამოჭიმაო!
ზარმაცი შურმა აიტანა; გულში განიზრახა: ჩემს მეზობელს ფარულად სახლს დავუნგრევ და ისიც ჩემსავით ღატაკი შეიქნებაო.
ადგა და როცა მეზობელს შინ არ დაიგულებდა, მივიდოდა მის სახლთან და დიდ სვეტს თითო აგურის გამოცლა დაუწყო. მაგრამ დახე უბედურებას: ერთხელ, ბოლო აგურს რომ აცლიდა, ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, უცებ სვეტი გადაიქცა, სახლმა იგრიალა და საბრალო ქვეშ მოიტანა.
ეს საცოდავი მესამე დღეს მიწას მიაბარეს და იმის მეზობელმა კი წლის თავზე უკეთესი სახლი წამოიდგა.