ერთ ვიწრო ორღობეში ერთ კაცს ხანჯალამოღებული მტერი გამოედევნა მოსაკლავად. გზაში თურმე ორმო ყოფილიყო. მტერმა ეს ვერ შენიშნა და შიგ ჩავარდა. მის საუბედუროდ ორმოში წყალი მდგარიყო და იხრჩობოდა. მოიხედა პირველმა უკან და რა თავის მტრის ორმოში ჩავარდნა დაინახა, დაბრუნდა მოსაშველებლად. მსწრაფლ იშოვა გრძელი კეტი, ჩააყუდა ორმოში და მტერი ამოიყვანა.
მტერი ძლიერ გაჰკვირდა და გაოცებით ჰკითხა თავის მსხვერპლს:
- თუ ღმერთი გწამს, ამიხსენ, რას ნიშნავს ეს: მე მოსაკლავად მოგდევდი და შენ კი ჩემი სიცოცხლე ისურვეო?
- შენის გადარჩენით, - მიუგო მხსნელმა, - ორნაირ მოგებაში ვარ: ასეთი სიკეთე რომ გიყავ, ჩემის მტრობისა რაღა საბუთი გექნება, ამრიგად მტერიც მოვისპე, მეგობარიც შევიძინეო.
გადარჩენილმა ღიმილით თავი გააქნია და მიუგო: დღეიდან რაღა დამრჩენიაო.