ერთმა კაცმა მეზობელს დანა სთხოვა:
- რა ვქნა, შენ გენაცვალე, დანას როგორ დაგიჭერდი, მაგრამ ძლიერ ბასრია, მეშინია ხელი არ მოგჭრას და არ დაგასახიჩროს.
მეორედ იმავე მეზობელს ახლა ტომარა სთხოვა.
- ტომარას გათხოვებდი, მაგრამ ძირგავარდნილია: რასაც ჩაჰყრი, დაგებნევა, - მიუგო მთხოვნელს მეზობელმა.
მესამედ ცხენი სთხოვა.
- ცხენს კი არა, შენთვის სიცოცხლეს არ დავზოგავდი; მხოლოდ ჩემს ცხენს ერთი საძაგელი თვისება აქვს: კაცს რომ ზურგზე შეისვამს და ორ ნაბიჯს გადასდგამს, მოჰყვება მაშინვე ტლინკვას, ხტუნვას, ტრიალს და ვიდრე ზედ მჯდომს არ დასცემს, არ დაწყნარდებაო.
მაშინ მთხოვნელმა მეზობელს მიუგო:
- მე ძლიერ საწყალი კაცი ვარ, არ მაბადია არც დანა, არც ტომარა, არც ცხენი, მაგრამ ვხედავ, შენ ჩემზე გაცილებით უბედური ყოფილხარ. მე ჩემის სიღარიბით, როგორც არის, ვღონღილობ და შენ კი დღითი დღე აუცილებელი საფრთხე მოგელის: ან შენი ბასრი დანის წერა გახდები, ან დახეული ტომარა დაგღუპავს და ან გიჟი ცხენი მოგიღებს ბოლოსო.