დათვის წვეულება
დათვმა ლხინი გადიხადა,
მოიწვია მეზობლები;
გარეშენიც ბევრი ჰყავდა:
ტურა, მელა, კატა, მგლები.უკეთესი მასპინძლობა,
უნდა ვსთქვათ, რომ არ ნახულა;
რა საჭმელი, რა სასმელი!
რა იყო, რომ იქ არ დგმულა?გადაჰკრეს და სადღეგრძელო
სათვითაოდ გააჩინეს,
სამადლობელს სავსეს სვამდენ,
წვეთი აღარ შეარჩინეს.გახალისდა დათუნია,
მოლხენით რომ სხვებიც ნახა,
თვისის ბოხის მაღალ-ბანით
„სუფრულიც“ კი შემოსძახა.გაოცებულს იმის სტუმრებს
მარტო ესეც არ აკმარა:
გადმოახტა სუფრის თავზე
და ლეკურიც დაუარა.მელა-კუდამ ტაში დაჰკრა:
„ამფერ! ჩემო დათუნაო!
როგორ გშვენის ეგ დავლური,
მალაყები და ხტუნვაო!“მაშინ მგელმა წასჩურჩულა:
„მელავ! ტყუილს ნუ ამბობო!
სასაცილოდ დაძუნძულებს
და შენ მაგრე რად ამკობო?“მაგრამ მელამ უპასუხა:
„ბრიყვი ხარ და სულელიო!
რას დავეძებ მაგის თამაშს?
მე სხვა რამეს მოველიო.„მოვუწონებ, იამება,
გაბრიყვდება ამ ქებითო
და ჩვენ კი რა გვენაღვლება,
ვახშმადაც აქ დავრჩებითო“.