წინადადებაში ხშირად არის რამდენიმე ერთგვარი წევრი.
ერთგვარია წევრები, რომლებიც ერთსა და იმავე წევრს უკავშირდებიან და ერთსა და იმავე კითხვაზე მიუგებენ. მაგალითად:
ტყე ხმაურობდა, დუდუნებდა, შრიალებდა, ფუსფუსებდა.
ამ წინადადებაში ერთ ქვემდებარესთან ოთხი შემასმენელია დაკავშირებული. მათი საერთო კითხვაა: რას შვრებოდა? მაშასადამე, ხმაურობდა, დუდუნებდა, შრიალებდა, ფუსფუსებდა ერთგვარი შემასმენლებია.
ბრწყინავს ფირუზი, მარგალიტი, ლალი, ალმასი.
აქ ერთ შემასმენელთან ოთხი ქვემდებარეა. მათი კითხვაა: რა ბრწყინავს? ფირუზი, მარგალიტი, ლალი და ალმასი ერთგვარი ქვემდებარეებია.
ერთგვარი შეიძლება იყოს სხვა წევრებიც. მაგალითად:
ხეხილი წითლად, ყვითლად, თეთრად ყვაოდა.
ამ წინადადებაში შემასმენელს სამი ერთგვარი არამთავარი წევრი ახლავს: წითლად, ყვითლად, თეთრად.
|
მაშასადამე, ზემოთ განხილული სამივე წინადადება შერწყმულია.
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. ერთგვარ წევრებს ქვეშ გაუსვით ერთი ხაზი, საერთო წევრს კი - ორი. აღნიშნეთ, რა კითხვაზე მიუგებს ერთგვარი წევრები.
1. აქა-იქ კომში, მსხალი, ჭერამი, ვაშლი და ატამი ყვითელ ქარვასავით ქათქათებს.
2. ქარი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა.
3. ისინი შეჰხაროდნენ სიცოცხლეს, ბუნებას, გაზაფხულს.
4. იაგო მარჯვე, ყოჩაღი, გულადი და მოაზრებული ბიჭი იყო.
5. სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით მთები ტყით დაბურულიყვნენ.
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები. აღნიშნეთ, როგორია წინადადება და რა წევრია დაყოფით დაბეჭდილი სიტყვა. აზრის მიხედვით დაუმატეთ ერთი ან მეტი იმგვარივე წევრი. მარტივი წინადადებები გადააკეთეთ შერწყმულად და ისე გადაწერეთ.
1. მშიერი მგლები ერთად შეიყარნენ.
2. მერცხალმა გაშალა ფრთები.
3. დედამ თავისი პატარა შვილისთვის შეიძინა წიგნები.
4. ოთახის კედელზე ეკიდა დიდი სურათები.
5. გუშინ გადაუღებლად თოვდა.
6. ბავშვი სუფთად წერდა.