სიტყვათა შეკავშირება

წინადადებაში სიტყვები ერთმანეთს უკავშირდება ენაში შემუშავებული წესების მიხედვით.

მაგ.: მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა.

ამ წინადადებაში ოთხი სიტყვაა და სამი სიტყვათა შეკავშირება:

1. მზემ სტყორცნა;
2. ფანჯარას სტყორცნა;
3. სხივი სტყორცნა.

„სტყორცნა“ ზმნაა, მასთან ერთი სახელი მოთხრობით ბრუნვაში დგას (მზემ), მეორე - მიცემითში (ფანჯარას), მესამე - სახელობითში (სხივი). მაშასადამე, სახელები ზმნასთან დაკავშირებული არიან გარკვეული წესების მიხედვით. ამასთანავე, ეს სიტყვები ერთმანეთს შეეფერება შინაარსითაც. შინაარსის მიხედვით შეუფერებელი იქნებოდა, რომ გვეთქვა: „ფანჯარამ მზეს სხივი სტყორცნა“, ან „ფანჯარამ სხივს მზე სტყორცნა“ და მისთ.

 

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ წინადადებები და აღნიშნეთ, რამდენი სიტყვაა თითოეულ წინადადებაში და რამდენი - სიტყვათა შეკავშირება; რომელი სიტყვა რომელ კითხვაზე მიუგებს.

1. მთიდან ნიავი წამოვიდა. 2. ვერხვის ფოთლებმა თრთოლა დაიწყეს. 3. კურდღელი ხარბად წიწკნიდა დანამულ ჯეჯილს. 4. პატარა მაროს ძმამ მერცხლის ბარტყი მიუყვანა.

სავარჯიშო 2. პირველ სვეტში დასახელებულ სიტყვათაგან შეურჩიეთ შესაფერისი მეორე სვეტში დასახელებულ სიტყვებს.

მწვანე ღრუბლები
კოჭლი ღამე
მსუბუქი ცეცხლი
კუდიანი მანქანა
მთვარიანი ვარსკვლავი
ნელი ცხვარი
შავი მინდორი

 

ზღვა გალობდა
ბულბული კნაოდა
მერცხალი ღელავდა
კატა ჭიკჭიკებდა
ბაყაყი კაკანებდა
მამალი ყიყინებდა
ქათამი ყიოდა

სავარჯიშო 3. აღადგინეთ გამოტოვებული ბოლოსართები და თანდებულები და წინადადებები ისე გადაიწერეთ.

1. ორ- ირემ- ძოვდ- მაღალ- ბალახ- შემოსილ მინდორ-.
2. მერცხლებ- დერეფნ- კუთხე- ბუდე გაიკეთ-.
3. დაბეჩავებულ- არწივ- მიფრინავდ- მაღალ- კლდისა.
4. მტაცებელ ფრინველებ- ვერ ენდობი- მშვიდობიან- ფრინველებ-.
5. მოწმენდილ ცა- შუქ- ელვარებდ-.