ერთგვარ წევრთა კავშირიანი და უკავშირო შეერთება

ერთგვარ წევრთა შეერთება ორნაირია: კავშირიანი და უკავშირო.

მინდორი და ველი ყვავის.
მურია ღრინავს, ყეფს, ტრიალებს.

პირველ წინადადებაში ერთგვარ ქვემდებარეებს და კავშირი აერთებს, მეორეში კი ერთგვარი შემასმენლების შეერთება უკავშიროა.

როცა წინადადებაში ორზე მეტი ერთგვარი წევრია, შეერთება კავშირიანიც შეიძლება იყოს და უკავშიროც.

ტყე, მინდორი და ველი ბიბინებდა.

ამ წინადადებაში შემასმენელთან სამი ქვემდებარეა დაკავშირებული. პირველი ორი ქვემდებარის შეერთება უკავშიროა, მეორისა და მესამისა - კავშირიანი. უკავშირო შეერთებისას ერთგვარ წევრთა შეერთების საშუალებაა ჩამოთვლის ინტონაცია.

წერის დროს ერთგვარი წევრები მიმყოლი სიტყვებითურთ ერთმანეთისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ ისინი არ არიან შეერთებული და ან თუ კავშირით.

სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები და დასვით სასვენი ნიშნები.

  1. თავისი პატარა ბასრი კბილებით თაგვი ფესვებს უფუჭებს პურს სიმინდს ქერს შვრიას ღომსა და სხვა ჭირნახულს.
  2. სახლები ხეები გორაკები თოვლით დაიბარდნენ.
  3. ვაშლით ატმით კაკლით მსხლით სულ სავსე იყო ბაღი.
  4. ჭალაში ბლომად იყო ტყემალი და ველური ლეღვი კომში და პანტა ზღმართლი და დაბარდული მაყვალი.
  5. უთავბოლო უზარმაზარი უღრანი და ბნელი ტყე ათასი იდუმალებით იყო სავსე.