ქვემდებარე და შემასმენელი წინადადების მთავარი წევრებია.
ქვემდებარე გამოხატავს მოქმედ საგანს, შემასმენელი - საგნის მოქმედებას (ან მდგომარეობას).
ზმნა წინადადებაში შემასმენელია, ქვემდებარე კი სახელით გადმოიცემა. ქვემდებარის ბრუნვებია სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი.
მაგ.: არწივი ნელ-ნელა დაბლა იწევდა.
ფრინველებმა არწივს საერთო სალამი მისცეს.
თოვლს დაეფარა თეთრად მინდორი.
შემასმენელი ზოგჯერ აღნიშნავს, როგორია, ვინ არის ან რა არის ქვემდებარით გამოხატული საგანი.
მაგ.: შაქარი ტკბილია, ია ყვავილია...
მხოლობითში დასმულ ქვემდებარეს შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა. |
მაგ.: ბავშვმა მდინარეში პატარა თევზი დაიჭირა.
როცა ქვემდებარეს ამხსნელად ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვა, ქვემდებარეც მხოლობითში დაისმის და მისი შემასმენელიც. |
მაგ.: ორი ბიჭი ყანიდან გამოდიოდა.
ყველა ფრინველი ხეზე ზის.
როცა ქვემდებარე სულიერი საგნის სახელით არის გადმოცემული და მრავლობით რიცხვში დგას, ჩვეულებრივ შემასმენელიც მრავლობით რიცხვშია. |
მაგ.: ქალები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ ხილის საკრეფად.
როცა ქვემდებარე უსულო საგნით არის გამოხატული და მრავლობითშია, შემასმენელი ჩვეულებრივ მხოლობით რიცხვში დგას. |
მაგ.: ცას შავი ღრუბლები გადაეკრა.
თუ მრავლობითში დასმული ქვემდებარე ისეთ საგანს გამოხატავს, რომელსაც სულიერივით მოქმედება მიეწერება, შემასმენელი ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში იხმარება. |
მაგ.: უზარმაზარი ხეები საცოდავად შესტირიან მოღუშულ ცას.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, როგორი სახელით არის გადმოცემული ქვემდებარე (სულიერი თუ უსულო) და როგორ შეეწყობა მას შემასმენელი რიცხვში.
1. დაღლილი ბიჭები ჩრდილში ისვენებდნენ.
2. გაშმაგებული ფუტკრები მინდვრის კეკლუცთ თავს ევლებოდნენ.
3. მოქუშულ ცაზე აქა-იქ ჩანდა ვარსკვლავები.
4. მაღალი ხეები შეირყა.
5. მოწმენდილ ცაზე კაშკაშებდა ვარსკვლავები.
6. ხევზე მიდიან ნისლები.
7. ფოთლებმა შრიალი დაიწყეს.
8. მუხები წყრომით არხევდნენ ტოტებს.
9. უხალისო ფოთლები სევდიანად შრიალებდნენ.
10. ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს.
სავარჯიშო 2. გამოარკვიეთ, რომელ რიცხვში უნდა შეეწყოს შემასმენელი ქვემდებარეს და დაასრულეთ სიტყვები.
1. მერცხლებმა დერეფნის კუთხეში ბუდეს გაიკეთ... .
2. შეშინებულმა წეროებმა ყვირილი ატეხ... .
3. ბავშვები პატარა რუს ნაპირას თევზაობ... .
4. დაიკრიფ... ვენახებიც.
5. თებერვალშივე თეთრად გადაიპენტ... ტყემლები.
6. ყვითელი ფოთლები ყველგან მუხლებამდე ეყარ... .