ისეთ სიტყვას, რომელიც არსებითი სახელის ნაცვლად იხმარება, ნაცვალსახელი ჰქვია.
მე, ჩვენ, შენ, თქვენ, ის (იგი), ისინი, მან, მას (იმას, ამას), მათ პირის ნაცვალსახელებია.
მე და ჩვენ პირველი პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ - მეორე პირისა, ის (იგი), ისინი, მან, მას (იმას, ამას), მათ - ყველა მესამე პირის ნაცვალსახელებია.
ჩემი, ჩვენი, შენი, თქვენი, მისი (იმისი), მათი (ამათი) კუთვნილებითი ნაცვალსახელებია. ამათგან ჩემი და ჩვენი პირველი პირისადმი კუთვნილებას გამოხატავს, შენი და თქვენი - მეორე პირისადმი კუთვნილებას, მისი (იმისი), მათი (ამათი) - მესამე პირისადმი კუთვნილებას.
1. დავალება. წაიკითხეთ წინადადებები და უპასუხეთ კითხვებზე.
1) როგორი სახელის ნაცვლად არის ნახმარი დაყოფით და მუქად
აკრეფილი სიტყვა?
2) რა ჰქვია ისეთ სიტყვას, რომელიც არსებითი სახელის ნაცვლად იხმარება?
3) რომელია ამათგან პირის ნაცვალსახელი?
4) რომელია პირველი პირის ნაცვალსახელი? მეორესი? მესამესი?
1. მტრედებმა მწყერს დაუცადეს. იგი ცოტა მოღონიერდა. (ვაჟა). 2. ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა; მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა. (წერ.). 3. ოცი ქალი ყანას მკიდა. ისინი მკიდნენ ჩაწოლილ ყანას, სადაც კომბაინს ვერ გაევლო. (კ. ლორთქ.). 4. ბიძაჩემი ნინია განთქმული მონადირე იყო და იმისი მოსვლა ერთიათად მიმატებდა სიხარულს. (ვაჟა). 5. დედა გვერდში მიუჯდა შვილს და მისი ხელი ხელში ჩაიდო. (გრ. ჩიქ.). 6. მე ჩემს ლექსს წაგიკითხავ. შენ შენი ლექსი წაიკითხე. (ევდ.). 7. ჩვენ ახალგაზრდები ვართ. (რაზ.). 8. თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ამაგიო - ბევრჯერ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას. (ვაჟა). 9. მათ ერთმანეთი თვალით გაზომეს. (ჭავ.). 10. მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ, - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. (ვაჟა).