მძიმე კავშირიან რთულ წინადადებაში


კავშირიან რთულ წინადადებაში შემავალი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადება მომდევნო წინადადებისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ მათ არ აერთებს და კავშირი.
 

წინა ფანჯრიდან მოჩანდა, თუ როგორ უხვად ცვიოდა თოვლის ფანტელები.
ზამთრის პირი მოახლოვდა, მაგრამ მაინც თბილი დღეები იდგა.

მძიმე იწერება სხვა კავშირების წინაც, როცა ისინი იწყებენ მომდევნო წინადადებას.

ისე ცხელა, რომ მზეზე კვერცხი მოიხარშება.
კარგა შეღამებული იყო, როცა იმავე ნავით კუნძულიდან უკან გამოვცურეთ.

რომ (აგრეთვე სხვა) კავშირის წინ მძიმე არ იწერება, თუ ის არ იწყებს მომდევნო წინადადებას.

მზე ახალი ჩასული იყო, რომ შევედით სოფელში.
ალექსიმ რომ ჩაიძინა, მამლებმა მეორედ იყივლეს.

თუ ერთი მარტივი წინადადება მეორე მარტივ წინადადებაშია მოქცეული, მაშინ ის ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა.

ხშირი ბურუსი, რომელიც დაბლა ჩამოწოლილიყო, ძალზე აბნელებდა იქაურობას.
ბაღს, სადაც ჩვენი ვარდი იდგა, ნელ-ნელა ჩრდილი მოეფინა.

 

სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და დასვით სასვენი ნიშნები. აღნიშნეთ, სად რა ნიშანი დასვით და რატომ.
  1. სახლის პირველი სართული სამარანბეღლოდ იყო განკუთვნილი ხოლო მეორე სართულში თვითონ ტანტალა ტანტალა ცხოვრობდა თავისი ოჯახით.
  2. ფრთოსნებში ყველაზე თვალწარმტაცი ხოხობი იყო მაგრამ მას კეკლუცობაში არც კაკაბი ჩამორჩებოდა.
  3. გლეხმა კაცმა გაიღვიძა ფაციფუცს რომ მოჰკრა ყური.
  4. ხან წვიმდა და ხან თოვდა.
  5. გიორგი რომ შინ მივიდა ყველაფერი უამბო დედას.
  6. შუადღე გადასული იქნებოდა ღობის ლაწუნი რომ მოისმა.
  7. ირმამ ვერ გაარკვია თუ რომელი მხრიდან მოდიოდა ხმა.