გარემოება

გარემოება ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის მოხდა მოქმედება.

გარემოების კითხვებია: სად? საიდან? საითკენ? სადამდე? როდის? როგორ? რატომ? რისთვის?

მაგალითები კითხვების მიხედვით:

სად? - ტყეში ერთი დიდი მუხა იდგა.
საიდან? - მთიდან ნიავი წამოვიდა.
საითკენ? - ხალხმა სამლოცველოსაკენ გასწია.
სადამდე? - მზეს ჯერ ჭალამდე ვერ ჩაეღწია.
როდის? - ალიონზე ცა მოიწმინდა.
როგორ? - მდინარე წყნარად მოკამკამებდა.
რატომ? - სიშორის გამო არ მესმოდა, რასაც ამბობდნენ.
რისთვის? - მასპინძლები დასაძინებლად ემზადებოდნენ.

გარემოება გადმოიცემა ზმნიზედით ან სახელით. იგი ჩვეულებრივ შემასმენელს ახლავს და მისი ამხსნელია.

გარემოება შეიძლება იყოს დროის, ადგილის, ვითარების, მიზეზის და მიზნის.

დროის გარემოება გვიჩვენებს, როდის ხდება მოქმედება.

ადგილის გარემოება გვიჩვენებს, სად ხდება მოქმედება.

ვითარების გარემოება გვიჩვენებს, როგორ ხდება მოქმედება.

მიზეზის გარემოება მიგვითითებს მოქმედების მიზეზზე.

მიზნის გარემოება მიგვითითებს მოქმედების მიზანზე.

 

სავარჯიშო. გამოარკვიეთ, რა სახისაა გარემოება, რას ახლავს და რა კითხვაზე მიუგებს.

1. მინდორში თოვლი აღარ იდო.
2. გარშემო აყუდებულან დიდრონი მთები.
3. ბიჭი გავიდა ოთახიდან.
4. ცოტა ხნის შემდეგ მთვარემ წვერი ამოყო.
5. ოქროპირი გვიან დაბრუნდა.
6. ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელ წიფელს.
7. თეთრად ქათქათებს მინდორი.
8. ძლიერი ქარის გამო სახლის ჭერი მეტად შეინძრა.
9. ერთხელ მეფე სანადიროდ ბრძანდებოდა.
10. მელა წამოსულიყო დათვთან რაღაც ამბის მოსატანად.