დამატება ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც გამოხატავს სამოქმედო საგანს, ე.ი. ისეთ საგანს, რომელზედაც მოქმედებენ, რომლისთვისაც მოქმედებენ, რომლითაც მოქმედებენ და სხვ.
მაგ.: ტოროლამ ნისკარტით ამოგლიჯა რამდენიმე ბალახი.
აქ ორი დამატებაა - ბალახი და ნისკარტით. პირველი სამოქმედო საგანს აღნიშნავს, მეორე კი ისეთ საგანს, რომლითაც მოქმედება შესრულდა.
დამატება ჩვეულებრივ შემასმენელს ახლავს და არსებითი სახელით ან ნაცვალსახელით გადმოიცემა. მისი ბრუნვებია: სახელობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი.
დამატება შეიძლება იყოს უთანდებულოც და თანდებულიანიც.
დამატების კითხვებია: ვინ? რა? ვის? რას? რაზე? რაში? ვისთვის? რისთვის? რით? ვისთან (ან რასთან) ერთად? და სხვ.
მაგალითები კითხვების მიხედვით:
ვინ? - მე იმ გზაზე დავინახე ერთი ცხენოსანი.
რა? - ქორმა წიწილა წაიღო.
ვის? - ერთხელ მასწავლებელმა ბავშვებს ია უჩვენა.
რას? - შემოდგომა ესტუმრა ქალაქს.
ვისზე? - მთელი თრიალეთი მღეროდა არსენას მამაზე.
რაზე? - დიდხანს ფიქრობდა კრუხი ჩხიკვის ნაამბობზე.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რას ახლავს დამატება და რა კითხვაზე მიუგებს.
1. ლევანი თავის თავგადასავალს უამბობდა ოსტატს.
2. არსენამ როსტომს ტყეში დარჩენილთა ამბავი გამოჰკითხა.
3. ყვავილნი მუდამჟამს სიცოცხლეზე საუბრობდნენ.
4. ფრინველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მხიარულებაში.
5. ნიაღვრისაგან დაღარულია მთელი კლდე.