1. წინადადება

გაკვეთილი პირველი

1. დავალება. დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ წინადადება.

მამალი ყივის.

რამდენი სიტყვაა ამ წინადადებაში?

წაიკითხეთ პირველი სიტყვა. წაიკითხეთ მეორე სიტყვა.

წინადადება სიტყვებისაგან შედგება.

2. დავალება. დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ წინადადება.

მელა ქათამს ეპარება.

რამდენი სიტყვაა ამ წინადადებაში?

წაიკითხეთ პირველი სიტყვა. წაიკითხეთ მეორე სიტყვა. წაიკითხეთ მესამე სიტყვა.

წინადადებაში შეიძლება იყოს ორი სიტყვა, სამი სიტყვა და მეტიც.

3. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ წინადადებები.

ძაღლი ყეფს.

ძროხა ბალახს ძოვს.

პატარა ბავშვი ბურთს თამაშობს.

რამდენი სიტყვაა პირველ წინადადებაში? მეორეში? მესამეში?

კითხვის დროს წინადადების ბოლოს წერტილთან ვჩერდებით.

4. დავალება. წაიკითხეთ წინადადებები და წერტილთან შეჩერდით.

კატა ჩხავის. შეშინებული თაგვი გარბის. კატა თაგვს მისდევს. მჩხავანა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა.

წერის დროს წინადადების ბოლოს წერტილს ვსვამთ.

5. დავალება. გადაიწერეთ წინადადება რვეულში და დასვით წერტილი.

    მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო

6. დავალება. მოიგონეთ ერთი ორსიტყვიანი და ერთი ოთხსიტყვიანი წინადადება.

7. დავალება. წაიკითხეთ და თითოეული წინადადების ბოლოს შეჩერდით:

თბილისი

თბილისი საქართველოს დედაქალაქია. აქ ბევრი ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდა.

მთაწმინდაზე აღმართულია სატელევიზიო ანძა. ქალაქში ბევრი ისტორიული ძეგლია. თბილისში შოთა რუსთაველის პროსპექტია.

8. დავალება. რვეულში გადაწერეთ ბოლო ორი წინადადება.

9. დავალება. დააკვირდით სურათებს, წაიკითხეთ წინადადებები და თითოეული წინადადების ბოლოს შეჩერდით.


ბულბული გალობს.


ქორი მიფრინავს.

10. დავალება. გადაიწერეთ რველში ეს წინადადებები და თითოეული წინადადების ბოლოს დასვით წერტილი.

11. დავალება. წაიკითხეთ ეს წინადადება და სწორად წარმოთქვით:

    თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე ხტოდა.

კურდღელი გარბის.

თვითმფრინავი მიფრინავს.

12. დავალება. გადაიწერეთ ეს წინადადებები და თითოეული წინადადების ბოლოს დასვით წერტილი.