წინადადების წევრი და არაწევრი სიტყვები

წინადადებაში შემავალ სრული მნიშვნელობის მქონე სიტყვას წინადადების წევრი ჰქვია.

მაგ.: კურდღელი ხარბად წიწკნიდა დანამულ ჯეჯილს.

ამ წინადადებაში ხუთი სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა და წინადადების წევრიც ხუთია.

წინადადების წევრი ჩვეულებრივ ამა თუ იმ კითხვაზე მიუგებს. დასახელებულ წინადადებაში შემავალი წევრების კითხვები და პასუხებია:

რას შვრებოდა კურდღელი? - წიწკნიდა.
რას წიწკნიდა? - ჯეჯილს.
როგორ წიწკნიდა? - ხარბად.
როგორ ჯეჯილს? - დანამულ.

წინადადების წევრებია: ქვემდებარე, შემსასმენელი, დამატება, განსაზღვრება და გარემოება.

წინადადებაში შემავალი ზოგიერთი სიტყვა წინადადების წევრი არ არის. ასეთ სიტყვას კითხვაც არ დაესმის.

მაგ.: გადათეთრდა მთა და ბარი.
         ვიშ, გაზაფხული მოდის მორთული!  

„და“ ორ სიტყვას აერთებს, დამხმარე სიტყვაა და წინადადების წევრი არ არის. „ვიშ“ ადამიანის სულიერ განწყობილებას გამოხატავს და წინადადების წევრი არ არის.

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი წევრია თითოეულ წინადადებაში და რა კითხვებზე მოგვიგებენ ისინი.

1. მთიდან ნიავი წამოვიდა.
2. ბუხარში ნედლი შეშა ბუტბუტებდა.
3. გაშლილ ზღვაში ნავი ოდნავ ირხეოდა.

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი სიტყვაა თითოეულ წინადადებაში, რომელია ამათგან წინადადების წევრი და რომელი - არაწევრი.

1. ჩიტებმა რომ დაგვინახეს, აიშალნენ და ჟივილით მოედვნენ ტყეს.
2. ჩუმად, მაგრამ მოუსვენრად იჯდა ვაჟა.
3. ახ, რა მშვენიერი ღამეა!
4. ორი კურდღლის მადევარი ერთსაც ვერ დაიჭერსო.
5. გვრიტი ხან აქეთ აწყდებოდა, ხან იქით.
6. ქარი ქროდა. თოვდა. ნამქერი ტრიალებდა