ქართული ანბანი და ასოთა სახელები

ქართულში 33 ბგერაა. აქედან 5 ხმოვანია, 28 კი - თანხმოვანი.

თითოეულ ბგერას აქვს საკუთარი წერილობითი ნიშანი, ანუ ასო. რადგან ქართულში 33 ბგერაა, ამდენივეა ასოც. თითოეულ ასოს თავისი სახელი აქვს; მაგალითად, -ს სახელია ან, -ს სახელია ბან...

ასოები დალაგებულია რიგზე. ასოთა თანმიმდევრობა შეიქმნა ძველად და მტკიცედ არის დამკვიდრებული დღევანდელ ქართულშიც.


რიგზე დალაგებულ ასოებს ანბანი ჰქვია.
 

სიტყვა „ანბანი“ წარმომდგარია პირველი ორი ასოს შეერთებისაგან: ან+ბან-ი.

ასოთა რიგი და სახელები:

ა-ან
ბ-ბან
გ-გან
დ-დონ
ე-ენ
ვ-ვინ
ზ-ზენ
თ-თან
ი-ინ
კ-კან
ლ-ლას
მ-მან
ნ-ნარ
ო-ონ
პ-პარ
ჟ-ჟან
რ-რაე
ს-სან
ტ-ტან
უ-უნ
ფ-ფარ
ქ-ქან
ღ-ღან
ყ-ყარ
შ-შინ
ჩ-ჩინ
ც-ცან
ძ-ძილ
წ-წილ
ჭ-ჭარ
ხ-ხან
ჯ-ჯან
ჰ-ჰაე

ასოთა თანმიმდევრობის ზეპირად ცოდნა აუცილებელია სხვადასხვა მიზნისათვის: სიების შედგენისათვის, ლექსიკონით სარგებლობისათვის და სხვ.

1. დავალება. დაალაგეთ ანბანის რიგზე გარეული ფრინველების სახელები: არწივი, ქორი, ყვავი, ჩხიკვი, შაშვი, მერცხალი, ბულბული, გვრიტო, კაკაბი, ძერა.

2. დავალება. დაალაგეთ ანბანის რიგზე გარეული ცხოველების სახელები: ციყვი, ტურა, მგელი, დათვი, ვეფხვი, ლომი, ავაზა, ფოცხვერი, ჯიხვი, ირემი, შველი.

3. დავალება: დაალაგეთ ანბანის რიგზე შემდეგი გვარები: ასათიანი, გიორგობიანი, ბერიძე, ნოზაძე, რუხაძე, ძიმისტარაშვილი, პოპიაშვილი, ჭავჭავაძე, ვაჩნაძე, ხარატიშვილი, წერეთელი, ეპიტაშვილი, ქუჩუკაშვილი, ტაბიძე, ლომიძე, ჯანაშია, ზაქარაია.

4. დავალება. დაალაგეთ ანბანის რიგზე ლექსში შემავალი სიტყვები.

მერწმუნე, შვილო, გამოცდილია:
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია.

წერა და წარმოთქმა

ქართულ ენაში ყოველ ბგერას საკუთარი ასო აქვს; თვითოეულ ასოსაც საკუთარი ბგერა შეესაბამება. ერთი და იგივე ბგერა ყველა სიტყვაში ერთი და იმავე ასოთი იწერება. ყოველი ასოც ყოველთვის ერთნაირად იკითხება. სიტყვაში იმდენი ასოა, რამდენი ბგერაცაა. მაგალითად, ია ორი ბგერისაგან შედგება. მის დასაწერადაც მხოლოდ ორი ასოა საჭირო.

ქართული წერა დიდი მიახლოებით გადმოგვცემს წარმოთქმულ ბგერებს.


ქართულში სიტყვა წარმოითქმება ისე, როგორც იწერება.