მაკა ცინცაძე

ჩემი საქართველო

ალბათ ადამიანი ისე ვერ იგრძნობს სამშობლოს სიყვარულს მთელი სიძლიერით, თუ არ დაშორდა მას. თუნდაც სულ ცოტა ხნით.

ორი წლის არც კი ვიყავი, მშობლებმა რომ ლენინგრადში წამიყვანეს. იქ ხუთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ქართული თითქმის არ ვიცოდი. როცა წამოვიზარდე და გადავედი მეორე კლასში, ალჟირში გავემგზავრეთ. პირველად ძალიან მიხაროდა, რადგან ჩემი მშობლები და ძმა იქ იყვნენ, მაგრამ საქართველოს დატოვება დამენანა და გულში რაღაც სინანული და სიცარიელე ვიგრძენი. მართალია, ძალიან შემიყვარდა ალჟირი, ანაბა, სერაიდა, მთა, სადაც მე ვცხოვრობდი, მაგრამ თბილისსა და ქუთაისს რა სჯობს.

სკოლაში რუსულად ვსწავლობდი. მქონდა ურთიერთობა რუს, არაბ, ფრანგ, ინგლისელ, პოლონელ ბავშვებთან. ვიხსენებდი ჩემს ქართველ მეგობრებს და სულ რომ არაფრით, ქართველობით მაინც სჯობდნენ მათ.

ჩვენი სახლიდან თითქოს თვითმფრინავიაო, ისე ჩანდა ანაბის ხედი. თუმცა ხატვა სულ არ მეხერხებოდა, მაინც ვხატავდი ანაბის ხედს, ხოლო ხატვის გაკვეთილებზე ყოველთვის ვხატავდი მთაწმინდას, ჩემს სკოლას, სახლს. ერთხელ ბებიაც კი დავხატე.

ალბათ არაფერი გამხარებია იმ ორი წლის განმავლობაში ისე, როგორც წყალქვეშა ნავით მეზღვაურთა ჩამოსვლა, რადგან მათში ერთი ქართველიც იყო.

უდიდესი სიხარული განვიცადე, როცა თბილისში ვბრუნდებოდი. სინანულს განვიცდიდი სერაიდის დატოვებისასაც, მაგრამ არ მავიწყდება ის წუთები, როცა მატარებელი თბილისის სადგურს მიუახლოვდა, გაჩერებაც კი არ ვაცადე, ისე ჩამოვხტი მატარებლიდან. არ მჯეროდა, რომ თბილისში ვიყავი. რამდენიმე დღე შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოვდიოდი. მინდოდა მევლო ქუჩებში და სულ სხვანაირი მეჩვენებოდა თბილისი, უფრო ლამაზი და მიმზიდველი. არ ვიცი რაში გამოიხატება სამშობლოს სიყვარული, მაგრამ მე იგი მაშინ შევიგრძენი.