მღვდელი თეიმურაზ თათარაშვილი
ქართველი ერის ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მღვდელი იმავდროულად იყო დიდი მწერალი და პედაგოგი. ამ კუთხით გამოირჩევა ჩვენი მწერლობის კლასიკოსი კონდრატე თათარაშვილი - უიარაღო.
თათარაშვილები კახეთის მეფე ალექსანდრე დიდმა თავის ქალიშვილს მზითვად გაატანა თან, როდესაც იგი ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავარ დადიანს. ასე მოხვდნენ თათარაშვილები კოლხეთში, სადაც დღესაც სახლობენ. ზეპირი გადმოცემით ამ გლეხების უუფლებო მდგომარეობას უნდა ასახავდეს ზედწოდება - უიარაღო. პირველი თათარაშვილი, რომელიც საზოგადო სარბიელზე გამოჩნდა, იყო მარკოზი, რომელიც მღვდლად აკურთხეს და მსახურობდა სამხედრო ნაწილში. მღვდელი მარკოზი ეკისა და ხობის თათარაშვილებს გამოეყო და ზუგდიდიდან სამხრეთით, 12 კილომეტრზე, სოფელ აბასთუმანში დამკვიდრდა. იგი ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. კონდრატე უიარაღოს უმცროსი ძმის, დამსახურებული პედაგოგის, კალისტრატე თათარაშვილის ცნობით, „მამელუქში“ გამოყვანილი მღვდლის, მარკოზ ლაბაძისა და მისი მეუღლის პროტოტიპები - პაპა მარკოზი და მისი ცოლი ყოფილან. ყველა ის დადებითი თვისება, რაც მოთხრობის ამ ეპიზოდურ გმირს გააჩნია, პაპა მარკოზიდან ყოფილა აღებული.
მღვდელ მარკოზ თათარაშვილსა და მის მეუღლეს, მარიკა ესებუას შვიდი ვაჟი და სამი ქალი გამოუზრდიათ. ვაჟთაგან იესე, ივანე და ტიმოთე - ერისკაცებად დარჩენილან, ხოლო ეგნატე, ანდრია და დავითი - სასულიერო პირები გამხდარან. დავითი ჯერ კიდევ მთავარდიაკვანი ყოფილა აბაშაში, როცა მის მეუღლეს, აღათი ჩიტაიას 1872 წლის 2 სექტემბერს, სოფელ აბასთუმანში შესძენია პირველი ვაჟი, რომლისთვისაც კონდრატე დაურქმევიათ და სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანისათვის მოუნათვლინებიათ.
1879 წელს კონდრატე სამეგრელოში სენაკის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მას ასწავლიდნენ ცნობილი მოღვაწეები - ვასილ ბარნოვი და სტეფანე ძიმისტარიშვილი. სასწავლებელი მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. ამ დროს დაიწყო წერა. სწავლის დროს ზაფხულობით იგი ბავშვებს ამეცადინებდა. მოგვიანებით მან სწავლა განაგრძო კიევის სემინარიაში, რომელიც 1894 წელს დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში მან წერილი გამოუგზავნა მწერალ სოფრომ მგალობლიშვილს და აცნობა სურვილი - ემსახურა ხალხისთვის, როგორც მღვდელსა და პედაგოგს.
1896 წელს, 24 წლის ასაკში ქორწინების შემდეგ, იგი მღვდლად აკურთხეს. თავდაპირველად მღვდელი კონდრატე ზუგდიდის მაზრის სოფელ კირცხში მსახურობდა. ამ დროს ჩამოაყალიბა მან სამრევლო სკოლა. საზოგადოებრივ სარბიელზე გამოვიდა, როგორც მღვდელი, პედაგოგი და მწერალი. თანამედროვენი იხსენებენ, რომ იგი ღარიბ მოსწავლეებს თავად ურიგებდა უფასოდ წიგნებსა და რვეულებს.
1902 წ. იგი თბილისში გადმოყავთ და იოანე ნათლისმცემელის რუსულ ეკლესიაში აგრძელებს მსახურებას. მან ამ ეკლესიასთან გახსნა ქალთა სკოლა, რომლის გამგეც თვითონ იყო და პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კუკიის სამისიონერო სკოლაში. იგი ილაშქრებდა სასულიერო სემინარიაში ქართველი სტუდენტების გარიცხვის წინააღმდეგ.
1906 წელს მღვდელი კონდრატე დაესწრო თბილისის სამღვდელოების კრებას, რომელზეც ძირითადი მოთხოვნა იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამის გამო მას დევნა დაუწყეს, რამაც აიძულა დაეტოვებინა ქვეყანა. იგი ჩადის ბრიუსელში, სადაც გეოლოგიის დოქტორი ხდება. გ. ქიქოძის თქმით, „მღვდელი კონდრატე თავისი ოპტიმიზმით და სიცოცხლის სიყვარულით საუკეთესო წარმოდგენას იძლეოდა ქართველი ხალხის ენერგიაზე“. იგი მოგვიანებით დაბრუნდა საქართველოში. სამწუხაროდ სხვა ბევრის მსგავსად სასულიერო მოღვაწეობას ვეღარ ეწეოდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
№14, 2005