გრიგოლ რობაქიძე

1880-1962

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში.

მწერლის მამა - ტიტე რობაქიძე სასულიერო პირი იყო. გრიგოლსაც, თავდაპირველად, სასულიერო განათლება მიუღია. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა 1890-1895 წლებში, ხოლო შემდეგ - სემინარიაში. 1901 წლიდან გროგოლ რობაქიძე ტარტუს უნივერსტეტში შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ხელმოკლეობის გამო სწავლას რამდენიმე თვეში დაანება თავი.

1902 წელს გრიგოლ რობაქიძე სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა. კიტა აბაშიძისა და გიორგი ზდანევიჩის დახმარებით მას ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა. 1906 წლამდე გრიგოლი ლაიფციგის უნივერსტეტში სწავლობდა, შემდეგ კი პარიზში ჩავიდა და იქაურ უნივერსტეტში ისმენდა ლექციებს.

მწერალი 1908 წელს დაბრუნდა სამშობლოში და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაება. ორი წლის შემდეგ კვლავ ტარტუს უნივერსტეტს დაუბრუნდა და იურიდილ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. თუმცა ზოგიერთ პროფესორთან უთანხმოების გამო გრ. რობაქიძეს ამ სასწავლებლის დიპლომი არ აუღია. დიპლომის მისაღებად მას ყაზანის უნივერსტეტში მოუწია გამოცდების ჩაბარება.

სამშობლოში დაბრუნებულმა გრიგოლ რობაქიძემ ცოლად შეირთო ნინო დომენსკაია. ამ ქორწინებიდან მათ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ მეუღლის დაუდევრობის გამო ორივე ერთდროულად დაეღუპა, რის გამოც ცოლს გაშორდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლენა ფიალკინაზე იქორწინა, მაგრამ შვილი აღარ შესძენია.

1931 წლამდე გრ. რობაქიძე საქართველოში ცხოვრობდა. შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა და იქვე ემიგრაციაში დარჩა. 1945 წლიდან შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გადასახლდა. სამშობლოდან გადახვეწის მიზეზი კომუნისტური დიქტატურა იყო.

ბერლინში ყოფნის დროს გამოაქვეყნა გრიგოლ რობაქიძემ „ჩაკლული სული“, „ქალღმერთის ძახილი“, 1937 წელს გამოვიდა რომანი „გრაალის მცველნი“, ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები.

გრ. რობაქიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ემიგრანტთა შორის. იგი იყო ყოველივე ქართულის, ეროვნულის ქომაგი, დიდი პატრიოტი. მწერალი შეუძრავს 1924 წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას: „წამებულმა ქართველმა ისეთი სიმძლავრით გაიღვიძა ჩემში, რომ ქვეშეცნეულ მოვინდომე, „ლამარა“ მიმეხალა მტარვალთა მიმართ, ვითარ ტრაგიკული არაკი დამარცხებულთა“, - წერდა იგი.

გრიგოლ რობაქიძისათვის გერმანიაში წასვლისთანავე არ ჩამოურთმევიათ საბჭოთა მოქალაქეობა. ეს მოხდა მხოლოდ 1935 წელს, როცა მთავრობას გადაეწურა მისი დაბრუნების იმედი.

საბჭოთა ხელისუფლებამ მწერლის წინააღმდეგ სასტიკი და ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღა. მას ფაშისტობაც კი დასწამეს. გრ. რობაქიძე „სოციალისტური სამშობლოს“ მტრად გამოცხადდა და საბჭოეთში აიკრძალა მისი სახელი და შემოქმედება. მაშინ მხოლოდ რამდენიმე მწერალს ეყო გამბედაობა, გამოსარჩლებოდა გრიგოლ რობაქიძეს; მათ შორის იყო მიხეილ ჯავახიშვილი.

ემიგრაციაში მყოფ მწერალს არც მატერიალურად და არც სულიერად არ ულხინდა. მის მდგომარეობას ამძიმებდა მეუღლის ავადმყოფობაც.

მწერალი 1962 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“
ლიტერა, 2004