სომხების ჩამოსახლება სამცხე–ჯავახეთში

რუსეთის მიერ საქართელოს დაპყრობის შემდეგ სამცხე–საათაბაგო ცილობის საგანი გახდა ოსმალეთსა და რუსეთს შორის. რუსეთის ჯარმა ჯავახეთის ახალქალაქს ორჯერ შეუტია, 1811 წელს აიღო კიდეც, მაგრამ 1812 წელს ზავის პირობით ისევ ოსმალეთს დაუბრუნა. 1828 წელს რუსებმა პასკევიჩის მეთაურობით ბოლოს და ბოლოს აიღეს ქალაქი.

1829 წელს ადრიანოპოლში დადებული ზავით რუსეთმა შეიერთა ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი. რუსეთის ხელში გადავიდა სამცხე–საათაბაგოს ერთი ნაწილი. ომის პროცესში ოსმალური პროპაგანდისა და რუსეთის პოლიტიკის შედეგად სამხრეთ საქართველოს მკვიდრმა, გამაჰმადიანებული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ოსმალეთში გადასახლება დაიწყო, რასაც პასკევიჩი ხელმძღვანელობდა. გამაჰმადიანებული მესხები გროშებად ყიდდნენ მამულებს და ისინი რუს მოხელეებსა და ვაჭრებს ჩალის ფასად უვარდებოდათ ხელში. სამართლიანობა მოითხოვდა, რომ მიწები ქართველი მოსახლეობისთვის მიეცათ, რომელთაც არ ჰქონდათ საკმაო მიწები, მაგრამ პასკევიჩმა არ დააკმაყოფილა მესხეთიდან ადრე გაქცეული თავად–აზნაურების თხოვნა, არ დაუბრუნა მათ ქართველ მეფეთაგან ნაწყალობევი ძველი მამულები, არ მისცა საშუალება დაცლილ მიწებზე ქართლიდან და იმერეთიდან თავისი ხალხი ჩაესახლებინათ.

ქართული მოსახლეობის ინტერესების შელახვით, ჩვენი მიწა–წყლის ეთნოგრაფიულად აჭრელებით, რუსეთს სურდა თავისი უპირატესობა შეენარჩუნებინა, თუ ქართველთა პოლიტიკური მოძრაობა დაიწყებოდა. სომხები კი მათ აპოლიტიკურ და თავიანთ ერთგულ ხალხად მიაჩნდათ. ამიტომ გადაწყვიტეს არზრუმის მხარეში მცხოვრები სომხების შემოსახლება სამცხე–ჯავახეთში. ოსმალეთიდან გადმოვიდა 30 000 სომეხი, რომელთა ნაწილი ახალქალაქის, ნაწილი კი ახალციხის მხარეში ჩასახლდა. ამრიგად იქ, სადაც 1828 წლამდე ქართველი მოსახლეობა 90%–ს აღემატებოდა, 1830 წელს უკვე უმრავლესობად სომხები იქცნენ. ახლად ჩამოსახლებულთ ხელი მიჰყვეს ქართული ეკლესია–მონასტრების ნგრევასა და ძარცვას, იტაცებდნენ ძვირფას ნივთებს, ძარცვავდნენ ხატებს.

XIX საუკუნის პირველ ნახევარშივე შემოსახლდნენ ახალქალაქის მხარეში თარაქამები ქვემო ქართლიდან, ბერძნები არზრუმიდან, რუსი დუხობორები ტავრიისა და ვორონეჟის გუბერნიებიდან, ასევე მომთაბარე ქურთები.

დარჩენილი ქართველი მაჰმადიანები ოფიციალურად აღირიცხნენ თურქებად. იმის შიშით, რომ ისინი არ გაქრისტიანებულიყვნენ, 1829 წლის ბრძანებით, სამცხე–ჯავახეთში აიკრძალა წირვა–ლოცვა ქართულად, ნებადართული იყო მხოლოდ რუსული და სომხური ღვთისმსახურება.

გამოყენებული ლიტერატურა:
დევი ბერძენიშვილი
„საქართველო არის ესე“, ტ.8
გამომცემლობა „ციცინათელა“, 2003