(შემოკლებით)
ლეგენდა გვიამბობს:
ერთხელ, როცა პატარა გოგონა იყო, ბიძამისმა თამარი დღევანდელი ვარძიის ალაგას წაიყვანა, იქვე კლდეებთან გაუშვა, თვითონ კი ნადირობას მიეტანა. ნადირობიდან მობრუნებულმა, თამარი იქ ვეღარ იპოვა; მას შეეშინდა, ბავშვი ამ კლდეებში ხომ არსად გადავარდაო, და ძახილი დაიწყო, გოგო, თამარ, სადა ხარო? თამარი კი თამაშ-თამაშ კლდეებს ზემოთ მოქცეოდა, ბიძამისის ხმა რომ გაიგონა, უპასუხა: „აქა ვარ, ძია!“
მერე, როცა ხელმწიფე გახდა, იმ კლდეებში საყდარი გააკეთა და სახელად ვარძია დაარქვაო.
ვარძია - კლდეში გამოკვეთილი დიდი მონასტერი, დიდი მღვიმე-ქალაქი თამარმა თავის გამმარჯვებელს - მარიამ ღვთისმშობელს უძღვნა. ვარძიის კვეთა გიორგი მესამემ დაიწყო და თამარმა დაამთავრა.
მტრისთვისაც შეუვალი და უბრძოლველი ყოფილა ვარძია, კლდე, რომელშიაც გამოკვეთილია ტაძარი, ოთახები, დარბაზები, ბილიკები... ვარძიის ზემოთ მინდვრებზე თამარს ჯოგები დაუდიოდა და იქიდან ვარძიაში რძე მილებით ჩამოედინებოდაო, - ამბობენ... სამასამდე ოთახი გამოუკვეთავთ, ქვევრებისათვისაც კი კლდე მიწასავით ამოუჭრიათ და ისე ჩაუდგამთ.
ვარძიის კედელზე თამარისა და გიორგი მესამის ფრესკები შემორჩა. თამარის სახე ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ტაძრებმაც შემოგვინახეს.
მხარგრძელების მეთაურობით ქართველებმა მრავალი ქვეყანა დალაშქრეს და თამარის ყმადნაფიცებად აქციეს. ქართველთა ლაშქარმა სპარსეთში, თავრიზში, მიანში გამარჯვებები მოიპოვეს და ურიცხვი ალაფით დატვირთულები დაბრუნდნენ სამშობლოში.
თბილისს დაბრუნებულ ლაშქარს თამარი სიხარულით მიეგება. ასე შორს და ასე ძლევამოსილად საქართველოს მხედრობას ჯერ არ ელაშქრა. სამეგო აურაცხელი სიმდიდრით აივსო.
დიდებულები ისნის სასახლეში შეიყარნენ. აქ თამარის სახილველად, მთელი ნადავლი ძვირფასეულობა გამოეფინათ; გაკვირდა მეფე, ამდენი სიმდიდრე, ამდენი თვალ-მარგალიტი ჯერ არცეთ ქართველს არ ეხილა.
თამარისათვის დამორჩილებულ სულთანებს ცალკე გამოეგზავნათ უძვირფასესი თვლები და უცხო სამკაული. თამარმა მრავალი სიმდიდრე დაურიგა ობლებსა და გლახაკებს, ალაფი ლაშქარს გაუყო და, ისედაც ავსებულნი, უფრო აავსო.
ამ სიმდიდრით, ამ ოქრო-ვერცხლითა და საქონლით შენდებოდა ტაძრები, ციხეები, გზები, ხიდები, არხები და ქალაქები, ძლიერდებოდა მხედრობა და ქრისტიანობის მცველ, ღონიერ საქართველოს მტრები ვაგლახ ვერაფერს უბედავდნენ. არათუ ქართველთა მშვიდობას ვერ არღვევდნენ, თავიანთ მშვიდობასაც ქართველებს ევედრებოდნენ.
მეთორმეტე საუკუნე საქართველოსათვის, მართლაც, ოქროს ხანა იყო.
საქართველოში ბევრმა ზეპირად იცის „ვეფხისტყაოსანი“, ქართველი ხალხის ყველაზე ძვირფასი წიგნი, რომელიც დიდმა პოეტმა შოთა რუსთაველმა თამარის დროს დაწერა და თამარსავე მიუძღვნა.
ქვეყნად ყველაფერი მთავრდება. თამარიც განა უსასრულოდ იცოცხლბდა? ნაჭარმაგევში ყოფნისას უკურნებელმა სენმა შეიპყრო. თბილისში გადმოიყვანეს, შემდეგ ტაბახმელაზე აიყვანეს - ჰაერმა და დასვენებამ იქნებ მოამჯობინოსო. მთელი საქართველო ღმერთს თამარის ჯანმრთელობას ევედრებოდა, მაგრამ უკვე აღსასრულის ჟამი დამდგარიყო. თამარის უკანასკნელი ლოცვა - ღმერთს ჯერ სამშობლო შეავედრა: „ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქვეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოს ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა“.
შემდეგ შვილები შეავედრა და ბოლოს საკუთარი სული.
გარდაიცვალა ტაბახმელაზე, აგართა ციხეში. წაასვენეს თბილისს, იქიდან მცხეთას, ხოლო მცხეთიდან გელათს, სადაც წინაპართა საძვალეში, დავით სოსლანის გვერდით დაასაფლავეს.
თამარ მეფე გელათში დაასაფლავეს, მაგრამ შემდეგ, ეტყობა სადმე გადაასვენეს, მისი საფლავი დღეს გელათში არ არის. ზოგი ამბობს, ლაშა გიორგიმ იერუსალიმში წაასვენა, გზად ფრანგები შეხვედრიან და იმათ უნახავთო; სად დაასაფლავეს? - ზოგი სვანეთს ახსენებს, ზოგი რაჭას, ზოგი ვარძიას. ყველა კუთხე იჩემებს, თამარი ჩვენთან მარხიაო. მაგრამ სად არის, არც არავინ იცის.