(მცირეოდენი შემოკლებით)
საქართველო დღითი დღე ძლიერდებოდა. ქართველთა ლაშქრის დანახვაზე თურქი მეციხოვნეები ხშირად უბრძოლველად გარბოდნენ. გამწარებულმა მაჰმადიანებმა დახმარება ბაღდათის ხალიფას სთხოვეს.
ხალიფამ ინდოეთიდან სამარყანდამდე და დარუბანდამდე მთელ სამაჰმადიანოში საიდუმლოდ ხალხი დაგზავნა და ლაშქრის შეკრება ბრძანა, მაცნეებს უამრავი ოქრო გაატანა და ესეც დააბარა, თუ რომელიმე სამეფო ლაშქრობაზე უარს იტყვის, ერთიანად ავაოხრებო.
სარდლად მაჰმადიანებმა სპარსეთის სელჩუკიანთა დიდი ხელმწიფე აბუბექრი შეარჩიეს. ეს აბუბექრი დიდად ბოროტი და გაიძვერა კაცი იყო. მან თავისი ძმებიც კი არ დაინდო და მათ სამფლობელოები წაართვა. ის-ის იყო ქართველთა ყმადნაფიცი ქვეყანა - შირვანიც დაეპყრო, შირვანის შაჰი და მისი სიძე, აბუბექრის დევნილი ძმა ამირ-მირმანი დახმარების სათხოვნელად თბილისში იმყოფებოდნენ.
თამარმა ბრძანა:
- დაწერეთ და მთელ საქართველოს ამცნეთ, რომ სასწრაფოდ შეიკრიბოს მხედრობა; აცნობეთ ყველა ეკლესიასა და მონასტერს, რომ განუწყვეტელი ღამისთევა და ლიტანიობა აღასრულონ, წყალობა გაიღეთ გლახაკებისათვის, რათა მათ ილოცონ და ღმერთი მოწყალე ყონ.
საქართველოს ყველა კუთხიდან მხედართა რაზმები შავარდნის გუნდებივით წამოფრინდნენ. ისინი სიხარულით ავსებულიყვნენ, რადგანაც მამულის დაცვისა და გმირობის ასპარეზი ეძლეოდათ. ათ დღეში თბილისში შეიკრიბნენ ჰერები, კახელები, ქართლელები, მესხები, თორელები, შავშები, კლარჯები, ტაოელები, აფხაზები, სვანები, მეგრელები, გურულები, რაჭა-თალკვეთელები, მარგველები, აგრეთვე, სომხები, ოსები და ყივჩაღები. ისინი საომრად მოემზადნენ.
დარბაზობაზე სტუმრები თამარის სილამაზემ განაცვიფრა. დავით სოსლანი და ქართველი დიდებულები რომ იხილეს, შირვანის შაჰი და მისი სიძე დარწმუნდნენ, რომ ამათ მათი ხსნა ჭეშმარიტად შეეძლოთ.
ქართველებმა ნადირობასა და ბურთაობაშიც გასაოცარი სიმარჯვე გამოიჩინეს და სტუმრებს ათქმევინეს, არც ერაყში, არც ირანში, არც ადარბადაგანში ასეთი მონადირენი და მობურთალნი არ გვინახავსო.
ამბავი მოვიდა, მაჰმადიანები უკვე არანში დგანანო. თამარმა ლაშქარი დალოცა და მას უწინამძღვრა ძელიცხოველი, რომელიც ანტონ ჭყონდიდელს ჩააბარა. თვითონ, ფეხშიშველმა, მეტეხის ტაძარს მიმართა. მხურვალედ ლოცულობდა თამარი, ღვთისმშობელს ქართველთა გამარჯვებას ევედრებოდა.
მტერი განჯასა და შამქორს შორის დაბანაკებულიყო და გადამწყვეტ ბრძოლასაც აქ აპირებდა.
დავით სოსლანმა ჯარი რაზმებად დაჰყო; თავისი რაზმით შამქორის ციხე-სიმაგრე მარჯვნივ მოიტოვა; წინამავალმა რაზმებმა ციხეს მიმართეს, მტერს ეკვეთნენ. მაჰმადიანებმა წინამავლებს მედგრად შემოუტიეს და საქმეც გაჭირდა, ადგილის სივიწროვის გამო ქართველები გაშლას ვერ ახერხებდნენ, უკვე ლამის უკანაც იხევდნენ. დავით სოსლანის რაზმს ქვიან გზაზე სწრაფად ვერ ევლო და დაყოვნებულიყო. მაგრამ აი, როგორც იქნა, გამოჩნდა... წინამავლებს ზაქარია და ივანე მხარგრძელები ფრთოსანი ვეფხვებივით მიეშველნენ... აფრიალდა შორეული ლაშქრობებით გასპეტაკებული გორგასლიანი დროშა. დავით სოსლანის ხილვამ ქართველებს ძალა შეჰმატა, რაზმიც ბრძოლაში ჩაერთო და მტერს სწორედ რომ ღვთის რისხვა დაეცა. ქართველები მათ მთავრებს ხელით იჭერდნენ და დავით სოსლანთან წვერით მიათრევდნენ...
თვითონ დავით სოსლანმაც გასაოცარი ძლევა აჩვენა. შალვა ახალციხელმა ხელთ იგდო ხალიფას დროშა.
დამარცხებულები დავლა-ალაფს თვითონ მოათრევდნენ, მოჰქონდათ ძვირფასეულობა, მოჰყავდათ დაზურგული აქლემები და ჯორები.
ქართველებმა გაქცეულებს სდიეს, მრავალი ხელმწიფე, დიდებული და აზნაური დაატყვევეს, სამი ქალაქი მოარბიეს. აბუბექრმა ბრძოლის ველიდან გაქცევა მოახერხა.
დილით შამქორელები ქართველთა ბანაკს ეახლნენ და ქალაქის კლიტენი მოართვეს.
დავით სოსლანმა ახლა განჯას მიმართა. იქაურმა დიდებულებმა, დიდვაჭრებმა, ყადებმა და მულიმებმა, ოღონდ ნუ დაგვხოცავთო, დავით სოსლანს ქალაქის კარი გაუღეს და სასახლემდე ხალიჩა გაუფინეს. ხალიჩაზე მიმავალ მეფეს განჯელები ოქრო-ვერცხლს აყრიდნენ. დავით სოსლანი სულთანის ტახტზე დაბრძანდა.
გამარჯვებულებმა ღორის ხორცით დიდი ნადიმი გადაიხადეს. გამარჯვების მახარებლად თამართან მანდატურთუხუცესი ჭიაბერი გამოგზავნეს.
ქართველებმა თორმეტი ათასი კაცი დაატყვევეს - ხელმწიფე, აზნაური თუ მონა; ხელთ იგდეს ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი...
დროშებს, ოქრო-ვერცხლსა და ძვირფასეულობას თვლა არ ჰქონდა.
ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა დიდუბის ველზე ნადავლი გამოფინეს. დატყვევებული დიდებულებიც აქ დააყენეს. ყველა თავისი დროშით იდგა - პირველი, ხალიფას დროშა მოჩანდა, შემდეგ ათაბაგ აბუბექრის, შემდეგ სხვებისა. ქალაქის კარიდან გლდანის ხევამდე ტყვეები გაამწკრივეს. დიდებულები თამარს ათაყვანეს, შემდეგ სარდლებმა თვითონაც თაყვანი სცეს და ბედნიერი მეფობა დაულოცეს.
ქალაქში შესული მეფე და სარდლები უხვად არიგებდნენ ოქროსა და სამკაულს, ძვირფას თვლებს, მარგალიტებს, ჯაჭვებს, ყელსაბამებს, ხმლებსა და მუზარადებს, ქსოვილებსა და შესამოსელს, დატვირთულ ჯორებსა და ცხენებს. ქართველ დიდებულებს რჩეული ტყვეებიც ხვდათ. ანაკოფიიდან გულისტანამდე - მთელი საქართველო წყალობით აივსო.
ხალიფას დროშა თამარმა ხახულის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა.
ასე წარმატებული იყო თამარის მეფობა. სხვადასხვა კუთხიდან გამარჯვების ამბავს დღეში სამი-ოთხი მახარობელი მოიტანდა. თამარი მათ უხვად აჯილდოვებდა. თბილისის შემოსავალი მარტო ამ მახარობლებს აღარ ჰყოფნიდათ.
ნახჭევანში გადახვეწილმა აბუბექრმა თავისი ძმა ამირ-მირმანი მოაწამვლინა და განჯა ხელახლა დაიპყრო, მაგრამ თამარის შიშით იქ აღარ დადგა - უფრო შორეულ ქალაქა, დვინს მიაშურა.
ქართველთა ერთ ლაშქარს დავით სოსლანი განჯისაკენ გაუძღვა, მეორეს - თვითონ თამარი დვინისაკენ: ორივემ ბრწყინვალედ იმარჯვა.
სასოდაშრეტილი მაჰმადიანები შეეცადნენ, რომ როგორმე თამარის გული მოეგოთ და მისგან წყალობა მიეღოთ. ისინი კვლავ ხალიფას მიადგნენ, ოღონდ ახლა სულ სხვანაირი თხოვნა ჰქონდათ: თამარს ევედრე, მახვილი ჩააგოს და ხარკს, თუ გვაკმარებს, ჩვენ თვითონ მივართმევთო.
ხალიფამ თამარს მოციქულები ორჯერ გაუგზავნა და თამარმაც მისი თხოვნა ბოლოს შეისმინა.