ქეთევან დედოფალი

ცოდვიანი წრე

ქეთევანი კახეთის დედოფალი იყო. მისმა ქმარმა, დავითმა, ცოდვიანად იმეფა: მამამისი ალექსანდრე აიძულა, რომ ბერად აღკვეცილიყო, ხოლო ძმა გიორგი ციხეში გამოამწყვდია. მეორე ძმაც ჰყავდა - კონსტანტინე, რომელიც შაჰის კარზე მაჰმადიანად გაზრდილიყო.

დავითი მალე გარდაიცვალა და ტახტზე ისევ ალექსანდრე დაბრუნდა. სპარსეთიდან გამობრუნებულ ალექსანდრეს შაჰ-აბასმა ერთხელ ჯარი გამოაყოლა, რათა შირვანის ქვეყნიდან მას თურქები გაერეკა და მმართველად იქ კონსტანტინე დაედგინა. ლაშქარი კახეთში, ქალაქ ზაგემში დაბანაკდა.

ალექსანდრე შირვანში ლაშქრობას აყოვნებდა, კონსტანტინე კი ჩქარობდა. ლაშქრობის თაობაზე ერთ დილით ისინი ცხარედ შელაპარაკდნენ. ალექსანდრე შვილს მოერიდა: გიორგიც განერიდა ძმას, მაგრამ კონსტანტინე მას მიეწია, ხმალი დაჰკრა და განგმირა. შემდეგ სპარსელებთან ერთად მამას მიეჭრა. ერთ-ერთმა სპარსელმა ალექსანდრე ხმლით მოკლა. იქ მყოფი კახელი დიდებულებიც დახოცეს. ძმისა და მამის თავები კონსტანტინემ შაჰ-აბასს გაუგზავნა. უთავო გვამები ალავერდში დაკრძალეს.

კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა მოსთხოვა. მთელი კახეთი აღშფოთდა:

- კონსტანტინეს არ ვიუფლებთ და მხოლოდ შენ დაგემორჩილებით. შენს გარდა ბატონი ჩვენ არ გვინდა! - უთხრეს ქეთევანს კახელებმა.

შირვანში ბრძოლისას ქართველებმა კონსტანტინეს მოკვლა გადაწყვიტეს. ისინი მას კარავში შეუცვივდნენ, მაგრამ კონსტანტინემ კარვის მეორე ბოლო ხმლით გააპო და გაასწრო.

ბელაქნის ბრძოლა

კონსტანტინე მიხვდა, რომ ნებით ვერც დედოფალს შეირთავდა, ვერც კახეთს დაიმორჩილებდა, ამიტომ დიდი ლაშქარი წამოიყვანა და საქართველოს მოადგა.

პასუხად კახელებიც დაირაზმნენ, ქართლელებიც მიემატნენ და ბელაქნის წყალთან დადგნენ. ცოლ-შვილიც თან წაიყვანეს, დროშის ქვეშ, დედოფალთან დასვეს - თუ დამარცხდებოდნენ, არც თავიანთი და არც ცოლ-შვილის სიცოცხლე აღარ უღირდათ.

ბრძოლისას სამმა ქართველმა მეომარმა კონსტანტინე დაიმარტოხელა; შუბი ჰკრეს, ცხენიდან ჩამოაგდეს და გაათავეს. კონსტანტინეს ზვაობა მხოლოდ ექვს თვეს გაგრძელდა.

კონსტანტინეს სიკვდილი რომ გაიგო, შაჰ-აბასმა წყენა არ შეიმჩნია. ასე თქვა, ვინც მოკლა, ხელიც შერჩეს, მამის მკვლელს უარესი დაემართებაო.

კახელებმა შაჰ-აბასს მეფედ სთხოვეს ქეთევანის ვაჟი თეიმურაზი. შაჰი მათ სურვილს დაყაბულდა. თეიმურაზი კეთილად მეფობდა. იგი ზოგჯერ სპარსელებსაც ურჩობდა, რაც შაჰ-აბასს რისხვით აღავსებდა.

მძევლები

განჯაში მყოფმა შაჰ-აბასმა თეიმურაზს მოსთხოვა, ერთ-ერთი ვაჟიშვილი მძევლად მომეციო. თეიმურაზი უარზე დადგა, მაგრამ თავადებმა ურჩიეს:

- თუ მძევალს არ მივცემთ, შაჰი კახეთს ააოხრებს. წარვგზავნოთ დედოფალი ქეთევანი და უფლისწული ალექსანდრეც გავაყოლოთ. დედოფალმა იქნებ მის ზვაობას გადაგვარჩინოს.

ქეთევანს წასვლა არ უნდოდა, გრძნობდა, რომ ამით კახეთს ვერ გადაარჩენდა. ბოლოს საერთო გულისთქმას დამორჩილდა. დედოფლისა და ბავშვის ხილვამ შაჰი ვერ გააძღო:

- რატომ თეიმურაზი არ მოვიდა? გვინდა, რომ ჩვენს შორის მშვიდობა დამყარდეს; თუ თვითონ არ მოვა, უფროსი ვაჟი გამოგზავნოს... - თქვა მან.

ამბობენ, შაჰი თეიმურაზზე გაბრაზდა, ეს სამი წლის ბავშვი რომ გამომიგზავნა, ძიძა ხომ არ ვეგონე, უფროსი შვილი მაახლოსო. თეიმურაზმა ახლა უფროსი შვილი, ხუთი წლის ლევანი გაუგზავნა. შაჰ-აბასმა ესეც არ იკმარა: კვლავ დაიბარა თვითონ თეიმურაზი.

მაშინ მიხვდნენ ქართველები, რომ შაჰს მთელი მეფის ოჯახის ამოწყვეტა და უმეფო ქვეყნის მოთხრა განეზრახა. ოსმალეთში ომს ვაპირებო, რომ ამბობდა, სულ ტყუილი იყო. ომს საქართველოში აპირებდა და იდგა კიდეც განჯაში - საქართველოს კარზე.

ბრძოლა

თეიმურაზი ომისთვის მოემზადა: ხოლო შაჰ-აბასი უკვე კარგა ხნის მომზადებული იყო, მან მძევლები სპარსეთში გაგზავნა, თვითონ კი კახეთს ორი მხრიდან შემოერტყა, რათა თეიმურაზი ქართლში არ გადაეშვა და დაეტყვევებინა.

თეიმურაზმა გზა ბრძოლით გაიკვლია, ქართლში ჩააღწია, ხოლო აქედან ქართლის მეფე ლუარსაბთან ერთად ქუთაისს მიაშურა. იმერეთის მეფეს ოსმალეთი მფარველობდა. დევნილმა მეფეებმა შაჰ-აბასისაგან თავი აქ სამშვიდობოს დაიგულეს.

შაჰ-აბასმა კახეთის დედაქალაქი გრემი დაიპყრო. მშვენიერი ქალაქი სპარსელებმა სამოთხის ბაღს მიადარეს. შაჰი მთავარ ტაძარში შევიდა, სპარსელები სამრეკვლოზე აცვივდნენ და გრემ-ქალაქის მცხოვრებლებს შაჰ-აბასის ხოტბა გადმოსძახეს:

- ალლაჰიც აკურთხებს მას და მის ოჯახს და მიესალმება!

შემდეგ ალავერდს მიაწყდნენ, თორღვას ციხესაც სწვდნენ და გადანახული სამეფო განძეულობა ხელთ იგდეს. ქვა და კირი მოზიდეს, ალავერდის ტაძარს ოც დღეში გალავანი  შემოავლეს, ციხედ აქციეს, შიგ ორასი მეთოფე ჩააყენეს.

კახეთს თითქმის ორ თვეს ძარცვავდნენ და აოხრებდნენ. ათასეულობით ოჯახი აყარეს და სპარსეთის გზას გაუყენეს. ამათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ირანში, ჩვენ მათ ფერეიდნელ ქართველებს ვუწოდებთ.

შირაზში

ქეთევანი შვილიშვილებს დააცილეს: ბავშვები ისპაჰანში დატოვეს (სპარსეთის დედაქალაქში), ხოლო დედოფალი უფრო სამხრეთით, შირაზში გაგზავნეს.

შირაზის გამგებელი იმამყული-ხანი ქართველი, გვარად უნდილაძე იყო. მამამისი ალავერდი-ხანი ბავშვობისას სპარსეთში გაუყიდიათ; ნიჭიერი, მამაცი ჭაბუკი მალე მხედართმთავარი გამხდარა, სპარსეთის ერთ-ერთ უპირველეს დიდებულად ქცეულა.

ალავერდი-ხანის ერთი შვილი დაუთ-ხანი (დავითი) განჯას განაგებდა, ერთიც იმამყული-ხანი შირაზს. იგი სპარსეთში შაჰის შემდეგ უპირველეს კაცად მიაჩნდათ.

თეიმურაზის შვილები სპარსელებმა დაასაჭურისეს. ორივე გარდაიცვალა; უფროსი - ლევანი გარდაცვალებამდე ჭკუაზეც შეირყა.

საშინელი ამბავი უნდილაძემ ქეთევანს კარგა ხანს უმალა, მაგრამ ბოლოს ქალმა ყველაფერი მაინც შეიტყო. წარმოუდგენელმა უბედურებამ იგი შეძრა.

მტკიცედ და შეურყევლად

შაჰ-აბასმა დედოფლის ამბავი მოიკითხა.

- ქრისტიანობაზე მტკიცედ და შეურყევლად დგას! - უპასუხეს.

- ან ქრისტიანობას დავათმობინებ, ან უმწარეს სიკვდილს ვარგუნებ! - განრისხდა.

საქმის აღსრულება უნდილაძეს უბრძანა. საბედისწერო გადაწყვეტილება უნდილაძემ შაჰს ვერაფრით გადაათქმევინა - გამაჰმადიანების გარდა დედოფლის სიცოცხლეს აღარაფერი იხსნიდა.

უნდილაძე არწმუნებდა, ევედრებოდა დედოფალს, რომ სჯული დაეთმო; სხვებიც ამას ურჩევდნენ, მაგრამ ამაოდ: დედოფალი წმიდა გზაზე იდგა. ერთ-ერთ მოციქულს უთხრა:

- დაე, შეასრულონ შაჰის ბრძანება. მე მზად ვარ, რომ ქრისტესთვის მოვკვდე.

...ქალაქის მოედანზე უამრავი ადამიანი შეყრილიყო. ცეცხლზე ახურებდნენ რკინის იარაღებს. მათ დედოფლის საწამებლად ამზადებდნენ.

ქეთევანმა ლოცვის უფლება მოითხოვა. პატარა ეკლესიაში შევიდა. დაჩოქილმა, ხელებაპყრობილმა ილოცა. შემდეგ ღვთისმშობლის ხატი ამოიღო და ცრემლებით დაალბო. ღმერთს ევედრა, რომ საშინელი წამების წინ მისთვის ძალა მიენიჭებინა. ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ეკლესიიდან გამოვიდა. მტარვალებს წარუდგა და უთხრა:

- რაც გნებავთ, აღასრულეთ. მზად ვარ, რომ ყველა სატანჯველი დავითმინო.

ჯალათებმა მხურვალე იარაღები მოიმარჯვეს. გააშიშვლეს. ცხელი მარწუხებით ჯერ ძუძუები დააგლიჯეს, შემდეგ მკლავები, სხეულზე ნაკვერცხლები დააყარეს, თავზე გახურებული ქვაბი ჩამოაცვეს, ცხელი ლურსმნებით დაჩხვლიტეს.

ვიდრე გონს იყო, დედოფალმა ერთადერთი რამ ინატრა - სიკვდილი:

„უფალო იესო ქრისტე, მსწრაფლ განიყვანე სული ჩემი“.

სხეულის დაგლეჯილი ნაწილები ჯალათებმა უპატიოდ დაყარეს და მათ ვერავინ მიეკარა; ევროპელმა კათოლიკეებმა, ვინც ქეთევანის წამებას შეესწრნენ, სხეულის ნაწილები ღამით მოიპარეს. ამათგან ზოგი ინდოეთში დაიკრძალა, ზოგი ევროპაში, ხოლო ზოგი - ალავერდის ტაძარში.

უნდილაძეთა ბედი

მოხუცი დიდებულები მეფობაში ხელს შეგიშლიანო, უსწავლებია შაჰ-აბასს თავისი შვილიშვილის, შაჰ-სეფისათვის: მეფეთა სიბრძნე სასტიკია.

ახლად გამეფებულამ შაჰ-სეფმა იმამყული-ხანი და მისი შვილები ყაზვინში ღალატით დაახოცვინა. დევნილმა დაუთ-ხანმა კი თავი ჯერ საქართველოს შეაფარა, შემდეგ ოსმალეთს, სადაც უსახელოდ აღესრულა.

სხვა ქვეყნის სამსახურს მადლი არ სცხია.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 68-74