კახეთის დასალაშქრავად თვითონ შაჰ-აბასი გამოეშურა. თეიმურაზი ისევ ლიხთიმერეთში გაიქცა.
გახიზნულმა მოსახლეობამ ალაზანს გაღმა სახელდახელო სიმაგრეები - მიწაყრილები ააგო, მათ ირგვლივ თხრილებში წყალი გაუშვა და მხოლოდ ერთი გასასვლელი - გასაქცევი დაუტოვა. ასეთ სიმაგრეებს სიღნაღებს ეძახდნენ.
ადიდებულ ალაზანზე შაჰ-აბასმა რაზმები ცურვით გადაიყვანა.
ერთ დიდ სიღნაღს ათასამდე კახელი შეფარებოდა, სპარსელთა რჩეული რაზმი მათ შეიტყუეს, შემდეგ უკან დასაბრუნებელი ხიდი ჩაუშალეს და ყველანი ისე გაანადგურეს, რომ მხოლოდ რამდენიმე დაჭრილი ყიზილბაში გადარჩა. განრისხებულმა შაჰ-აბასმა თავისი რაზმის მეთაური სიკვდილით დასაჯა და მისი გვამი საჩვენებლად ლაშქარში ჩამოატარებინა.
ამ სიღნაღის გასანადგურებლად შაჰმა ახალი რაზმები გაგზავნა. ხუთასამდე კახელმა მეომარმა ცოლ-შვილი ცხენზე შემოისვა და დაღესტნის მთებისაკენ გაიჭრა. სხვები დაიფანტნენ. ყიზილბაშები ანადგურებდნენ ან ატყვევებდნენ ყველას, ვისაც კი მიეწეოდნენ. ალაზანს გაღმა გახიზნულ მოსალეობაზე შაჰ-აბასმა ოც დღეს ინადირა.
ტახტის მემკვიდრემ სეფი-მირზამ შაჰ-აბასს ერთხელ უთხრა, შენს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ და ჩემს გამეფებას ფიქრობენო. ეჭვიანმა შაჰმა თავის სარდალს ყარჩიხა-ხანს სეფი-მირზას მოკვლა უბრძანა. ყარჩიხა-ხანმა ეს არასგზით არ ქნა. მაშინ ვინმე ბებუთ-ოღლის მოაკვლევინა.
სეფი-მირზას ქართველი დედა ჰყავდა, თამარ ამილახვრის ასული. გამწარებული დედის დანახვაზე შაჰი თავის ნამოქმედარს მიხვდა, გონს მოეგო და ახლა თვითონ ბებუთ-ოღლის დასჯა გადაწყვიტა. რით დავსაჯოო და, ბოლოს ეს მოიფიქრა: უბრძანა, რომ თავისი ხელით ახლა თავისივე შვილი მოეკლა. საზარელმა ჯალათმა ეს ბრძანებაც შეასრულა.
ორ შვილს შაჰმა თვალები დასწვა.
შაჰ-აბასს ჰყავდა ქართველი ბებია - შალიკაშვილის ქალი (შაჰ-თამაზის ცოლი) და ოთხი ქართველი ცოლი: თეიმურაზის, ლუარსაბის, ანდუყაფარ ამილახვრისა და სიმონ-ხანის დები - ელენე, ლელა-თინათინი, თამარი და დარეჯანი.
ქართულიც ისე კარგად იცოდა, რომ სტუმრებს ხშირად ქართულად ელაპარაკებოდა.
საქართველოში უზარმაზარი ლაშქარი გამოგზავნეს, მას ყარჩიხა-ხანი მეთაურობდა. ყარჩიხა-ხანს შაჰმა გიორგი სააკაძე და მისი ცოლისძმა, ნუგზარ ერისთავის შვილი ზურაბი აახლა და უთხრა:
- გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ამათ ჰკითხოთ, რადგან საქართველოს საქმე ამათზე უკეთ არავინ იცის.
ლაშქარს გამოატანა თავისი შვილიშვილი, რომელიც ქართლის მაჰმადიანი მეფის - სიმონ-ხანისათვის ცოლად უნდა შეერთოთ. ქართველთა მოსატყუებლად გაიძახოდნენ, მთელი ეს ჯარი დედოფლის მაყრიონია, საქართველოში საომრად კი არა, სალხინოდ და სალაღობოდ მივდივართო.
გიორგი სააკაძე თბილისის მახლობლად ქორით ნადირობდა.
სპარსელი მგზავრი შენიშნა. დაუძახა, მაგრამ მგზავრმა არ მოხედა. სააკაძე ცხენით დაეწია, შეიპყრო და გაჩხრიკა.
მგზავრი აღმოჩნდა შაჰ-აბასის შიკრიკი, რომელსაც ყარჩიხა-ხანთან საიდუმლო წერილი მიჰქონდა. შაჰი სარდალს სწერდა:
„კახეთს რომ მოსპობ, ქართლი აყარე და წამოასხი, ხოლო მოურავს თავი მოსჭერი და გამომიგზავნე“.
გიორგიმ შიკრიკი იქვე მოკლა, თვითონ კი ზურაბ ერისთავი მოძებნა. ორივენი შეფიქრიანდნენ. ვერაგ შაჰ-აბასს გიორგის შვილი პაატა და ზურაბ ერისთავის ცოლი მძევლებად ჰყავდა. განდგომა ძნელი იყო.
ზურაბ ერისთავი პატივმოყვარე კაცი იყო. გიორგი მას დაჰპირდა, ავჯანყდეთ და რომ გავიმარჯვებთ, შაჰ-აბასის ნაცოლევ ლელა ბატონიშვილს შეგრთავო.
(ლუარსაბის დასჯის შემდეგ ლელა-თინათინი შაჰმა კახეთის მმართველ ფეიქარ-ხანს მისცა).
ზურაბ ერისთავმა საარაგვოზე ქართველები შეკრიბა და უთხრა:
- შაჰ-აბასმა დაგვავალა, რომ კახელები სრულიად ამოვხოცოთ, ხოლო ქართლელები სპარსეთში გადავასახლოთ. მოდით, ერთმანეთს ერთგულება შევფიცოთ, ყიზილბაშები ამოვწყვიტოთ და საქართველო გადავარჩინოთ.
ქართველებმა ზურაბს ერთგულება შეჰფიცეს.
მარტყოფის ველზე გაშლილ სპარსელთა ბანაკში იმყოფებოდნენ გიორგი სააკაძე, მისი ვაჟიშვილი ავთანდილი, პაატა ხერხეულიძე, ელია დიასამიძე და პაპუნა ვაშაყიშვილი.
განთიადისას ბანაკს ქართველები დაეცნენ. განგაში ატყდა, სააკაძეს უხმეს. გიორგი და მისი მებრძოლები ყარჩიხა-ხანის კარავთან მიიჭრნენ, ის იყო ყარჩიხა-ხანი ცხენზე შესაჯდომად აიწია, რომ სააკაძემ გვერდში შუბი გაუყარა.
ავთანდილ სააკაძემ ყარჩიხა-ხანის შვილი განგმირა, გიორგიმ ყარჩიხა-ხანს იუსუფ-ხანიც დააკლა.
ხუთმა ქართველმა სპარსელთა მთელი სარდლობა ამოწყვიტა.
გაოგნებულ სპარსელებს მთავარი ლაშქარი მიესია და დაუნდობლად ხოცა და კაფა. სულ სამ ათასამდე სპარსელი გადარჩა. ოცდაშვიდმა ათასმა მარტყოფის ველზე დალია სული.
გამარჯვებული ქართველები კახეთში შეიჭრნენ; ფეიქარ-ხანმა გაასწრო და ლელა ბატონიშვილიც თან წაიყვანა. ადარბადაგანამდე სდიეს, მაგრამ ვერ მოიხელთეს.
ზურაბ ერისთავს ბაგრატიონთა სიძეობა მაინც არ ასცდა: მოგვიანებით მას თეიმურაზის ასული - დარეჯანი შერთეს.
ქართველებმა ყიზილბაშები ყველგან დევნეს, ქვეყანა მათგან თითქმის გაწმინდეს. ლიხთიმერეთიდან თეიმურაზი ჩამოიყვანეს და მთელი ქართლ-კახეთის მეფედ დასვეს.
ქართველთა განსაცვიფრებელი გამარჯვების ამბავი მთელს ქვეყნიერებას მოედო. თავზარდაცემული ყიზილბაშები შურისძიებით ანთებულიყვნენ. პაატა სააკაძეს მათ თავი მოჰკვეთეს და მამამისს გამოუგზავნეს, ხოლო სხეული ხევში გადააგდეს.
სიკვდილის წინ პაატამ აშკარად აღიარა ქრისტე და ეს ადრე გათათრებული ჭაბუკი ქრისტიანად მოკვდა.
ევროპელმა კათოლიკებმა პაატას ცხედარი მიწას მიაბარეს. შემდეგ გიორგიმ მოახერხა, გვამი ჩამოატანინა და ერთაწმიდის ტაძარში დაკრძალა.
ზურაბ ერისთავის ცოლი გაათათრეს და შაჰ-აბასის ცოლებს მსახურად მისცეს. შაჰი (და ზურაბიც) რომ გარდაიცვალა, ამ ქალმა თავი დაიხსნა, საქართველოში დაბრუნდა და დარჩენილი ცხოვრება მცხეთის დედათა მონასტერში გაატარა.