(მცირეოდნი შემოკლებით)
საქართველოს ასაკლებად ყორჩიბაშ ისა-ხანის მეთაურობით შაჰ-აბასმა ორმოცდაათი ათასი მეომარი გამოგზავნა. სპარსელები ალგეთზე, მარაბდის მახლობლად დაბანაკდნენ.
ოც ათას ქართველს მეფე თეიმურაზი სარდლობდა.
გიორგი სააკაძემ და ბაადურ ციციშვილმა სარდლებს ურჩიეს, მრავალრიცხოვან მტერს ვიწროებში დახვდით, თორემ გაშლილ ველზე ჩამოცხება, ჩვენი მებრძოლები კი სიცხეში ომს მიუჩვეველნი არიანო.
არ დაუჯერეს. ზოგმა თქვა, ვინც პირველი დაიწყებს, ის გაიმარჯვებსო, ზოგმა, ლაშქარი აღარ დაიცდის და გაგვებნევაო, , ზოგმა, დილაადრიან დავხოცოთ და ასიცხებამდე კიდეც დავამთავროთო.
მარტყოფზე გამარჯვებით გათამამებული ქართველები დგომას ვერ ითმენდნენ, მტერზე მიგვიშვით და ნახეთ, რა დღე დავაყაროთო, - სარდლებს არ ასვენებდნენ.
ბოლოს ასეც გადაწყვიტეს და მტერს გაშლილ ველზე ჩაუვიდნენ.
ლაშქარი რუისის ეპისკოპოსს დომენტი ავალიშვილს უნდა ეზიარებინა. მასთან პირველი თეიმურაზი მივიდა.
გაოცდა: ეპისკოპოსი სრულიად შეჭურვილიყო, იარაღიც ესხა. ომში ხმლით ბრძოლა სამღვდელოებისათვის უცხო რამ იყო. ამიტომაც მეფემ უთხრა:
- თუ ბრძოლას აპირებ, დაე, სხვამ გვაზიაროს, ხოლო თუ ხმალს შეიხსნი, მაშინ შენ გვაზიარე.
მაგრამ ყველა მღვდელს იარაღი ესხა, ყველა მისთვის მოსულიყო, რომ მამულისთვის ხმლითაც ებრძოლა. ლაშქარი ისევ შეჭურვილმა ავალიშვილმა დალოცა და აზიარა.
სპარსელებს ზარბაზნები ედგათ და მათ უკან თორმეტი ათასი მეთოფე ოთხ რიგად გაემწკრივებინათ: პირველი რიგის მეთოფეები მუხლზე იდგნენ, მეორისანი ზეზე, მესამისანი ცხენებზე ისხდნენ, ხოლო მეოთხისანი უფრო მაღლა, აქლემებზე. რიგები ასე თანდათან მიტომ აემაღლებინათ, რომ ბრძოლისას ერთმანეთისათვის ხელი არ შეეშალათ.
ქართველებმა ფარები იფარეს, შუბები წარმართეს და სპარსელებისაკენ ჭენებით დაიძრნენ.
თორმეტმა ათასმა თოფმა ერთდროულად იქუხა, თითქოს ცა დაემხო და დედამიწა დაიქცა, კვამლმა მიდამო სრულიად დააბნელა.
კვამლი რომ გაიფანტა, ქართველები მტერს მიაწყდნენ. ხელჩართულმა ბრძოლამ მეთოფეთა რიგები დაანგრია.
სპარსელები შფოთმა და ალიაქოთმა მოიცვა, გაქცევაც იწყეს, ქართველები ბრძოლის ველზე შავარდნებივით დაქროდნენ.
გიორგი სააკაძეს მუზარადი არ ეხურა, მისი დანახვა მტერს ზარავდა. სადაც სიმრავლეს შეატყობდა, უმალ იქ გაჩნდებოდა და ლახტს დაატრიალებდა, მტრის სისქეს დაათხელებდა.
მეთოფემ ცხენი მოუკლა. ქართველმა ვაჟკაცმა ლომი ჩრდილელმა თავისი ცხენი დაუთმო. ამხედრებულმა სააკაძემ სპარსელი მეთოფე შუბით განგმირა და მისი ცხენი ლომი ჩრდილელს მისცა.
გმირულად იბრძოდნენ თეიმურაზი, ზურაბ ერისთავი, ჯანდიერი, ციციშვილი, ხერხეულიძეები, მაჩაბლები, ჩოლოყაშვილები, ეპისკოპოსები...
მარაბდის ველზე ბევრი საუკეთესო ვაჟკაცი დაიღუპა.
ქართველთა ერთი რაზმი გაქცეულ სპარსელებს დაედევნა, ხოლო დიდი ჯგუფი მტრის შუაგულში შეიჭრა. აქ ისინი სპარსელთა ავლადიდებას გადააწყდნენ, იარაღს ხელი უშვეს და ძვირფასეულობის დატაცება იწყეს.
გაშუადღდა, სიცხე ჩამოწვა.
უეცრად ყიჟინა მოისმა.
- შაჰ გელდი! შაჰ გელდი! - შაჰი მოვიდაო.
ბრძოლის ველს სპარსელთა ახალი ლაშქარი მოაწყდა: ოცდაათმა ათასმა სპარსელმა მარაბდას ახლა მოაღწია.
სპარსელებს შაჰის მოსვლა მართალი ეგონათ, შავარდნებს ახლა ისინი დაემსგავსნენ, ომი თავიდან დაიწყეს. რჩეული ქართველები ზედიზედ იხოცებოდნენ, სახელოვნად დაიღუპა ცხრა ძმა ხერხეულიძე, რომლებიც მედროშეები ყოფილან, მხედრები მაღლობებს შეეფარნენ, ბრძოლის ველს უმწეო ქვეითებიღა შერჩნენ - გლეხები: დაღლილ-დაქანცულთ გაქცევა კი არა, სიარულიც აღარ შეეძლოთ. დადგნენ და მოძალადებულ მტერს დახვდნენ. ვისაც ხელი მიაწვდინეს, მოუკლავი არ გაუშვეს, მაგრამ თვითონაც დაიხოცნენ: სპარსელებმა მეთოფეები მიუსიეს და ტყვიებით სრულიად გაწყვიტეს. ცხრა ათასი ქართველი და თოთხმეტი ათასი ყიზილბაში დაიღუპა.
გამარჯვებულ მტერს სააკაძე არ ასვენებდა, მცირე რაზმებით უსაფრთებოდა, თავს ესხმოდა, ანადგურებდა.
ერთხელაც თორმეტ ათას ყიზილბაშს ქსნის ხეობაში დახვდა და ისე აკაფა, რომ მტრის სისხლით სავსე ქსანი სამ დღეს წითლად დიოდა...
ქსანზე ქართველებმა მოკლეს სახელოვანი სარდალი შაჰ-ბენდე-ხანი, ვინც დამარცხებულ სპარსელებს მარაბდის ველზე „შაჰ გელდის“ ძახილით მოუსწრო და გაამარჯვებინა. ერთ-ერთი სარდალი ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ აღარ გაიმეტეს, რადგან თეიმურაზისა და ზურაბ ერისთავის ნაცნობი გამოდგა: ამათ თქვეს, კაცთან პური გვიჭამია, როგორ მოვკლათო.
ქსანზე დამარცხებამ სპარსელებს მარაბდის გამარჯვება დაავიწყა და წელში გატეხა.