როგორ ებრძოდნენ ქართველები ჯალალედინს?

რუსუდანის ქორწინება

რუსუდანს ქმრად შერთეს არზრუმის მფლობელის ვაჟი მოღის-ედინი. არზრუმელმა ამისთვის მაჰმადიანობა დატოვა და ქრისტიანობა აღიარა. მისგან რუსუდანს ორი შვილი ეყოლა: ქალი თამარი და ვაჟი - დავითი.

ჯალალედინის ზრახვები

ივანე მხარგრძელი გარდაიცვალა. ახალ მთავარსარდალს - ავაგს ჯალალედინმა შემოუთვალა:

„შენ ათაბაგი, ვაზირთუხუცესი ხარ, საქართველო გიპყრია. თითო კაცი ვიახლოთ და შევიკრიბოთ, შენთან საუბარი მსურს!“

ჯალალედინი და ავაგი ერთმანეთს ბიჯნისის მახლობლად შეხვდნენ. ხვარაზმელმა უთხრა ავაგს:

- მე საქართველოს დასარბევად არ მოვსულვარ, ზავი და მშვიდობა მსურდა, მაგრამ თქვენ უმალ ბრძოლა გამიმართეთ. ახლა მაინც მომისმინეთ: მე დიდი ხვარაზმშაჰის შვილი ვარ, ვერცერთი ხელმწიფე ვერ შემედრებოდა, მთელი სპარსეთი, მთელი ქვეყანა ადარბადაგანიდან ინდოეთამდე, თურანი, ჩინეთი, ხატაეთი, მთელი აღმოსავლეთი მემორჩილებოდა. სადღაც ჩინეთთან, უღირს ადგილას, რომელსაც ყარაყორუმი ჰქვია, გამოჩნდნენ უცხო მებრძოლები, საკვირველი ადამიანები, რომელთაც მთელი აღმოსავლეთი დაიმორჩილეს და მრავალი სამეფო მოსპეს. ხელმწიფედ მხნე და მამაცი ჩინგიზ ყაენი ჰყავთ. ბედმა გვიმუხთლა და დავმარცხდით. როცა მივხვდი, რომ ვეღარ გავიმარჯვებდი, აქეთ წამოვედი. თქვენი ქვეყნის სიძლიერე, ქართველთა მხნეობა გამიგია. მინდა, რომ მტკიცე ფიცით შევერთდეთ და მტრებს ერთად ვებრძოლოთ. თქვენს ხელმწიფეს შემრთეთ და მე თქვენი მეფე გავხდები, თუ არადა, თუნდაც მე მშვიდობით გაგეცალოთ, მონღოლებს თქვენ ვერ გაუძლებთ, განადგურდებით. თქვენს ხელმწიფეს აუწყეთ, რომ საქართველოს აოხრება არ მსურს; მსურს, იგი მტრისგან დავიცვა და ამით მეც გავძლიერდე.

ავაგმა ხვარაზმელის დანაბარები მოიწერა. მის ზრახვებზე რუსუდანმა და ვაზირებმა გაიცინეს, ავაგს შეუთვალეს, არც უსმინო, სრულიად გაეცალეო. ავაგმა ჯალალედინს ხელმწიფის პასუხი აცნობა. განრისხებული ჯალალედინი თბილისისაკენ გამოემართა. რუსუდანმა ქალაქის დაცვა ძმებს - მემნა და ბოცო ბოცოსძეებს დაავალა, თვითონ კი ქუთაისში გაიხიზნა.

ღალატი

მთელი სამეფო კარიც ლიხთიმერეთში გადავიდა. თბილისელები შეშფოთდნენ, ასე ყველანი სად მიიჩქარიან, ქალაქი რად მიატოვესო. ხვარაზმელები გზადაგზა მომხრეებს იმატებდნენ. პირველ ბრძოლაში ქართველებმა იმარჯვეს, მაგრამ ქალაქში ღალატი დაიხლართა: თბილისელმა მაჰმადიანებმა ჯალალედინს აცნობეს, ხვალ დილით ქალაქის კარს გაგიღებთო. დილით ხვარაზმელები იერიშისათვის მოემზადნენ.

თბილისელებიც ემზადებოდნენ თავდასაცავად, ქალაქის კართან ფუსფუსებდნენ. მემნა ბოცოს ძემ მუზარადი მოიმარჯვა, მაგრამ თბილისელმა სპარსელმა მახვილი დაჰრკა და თავი გაუპო. ქალაქის დამცველი ქრისტიანები და მაჰმადიანები ერთმანეთს დაერივნენ. ბრძოლისას მაჰმადიანები გალავნის მხარეს მოექცნენ და კარი გააღეს. ქალაქში ხვარაზმელები შემოიჭრნენ. მცველები უკუიქცნენ და ისნის ციხეში გამაგრდნენ.

ქალაქი - სასაკლაო

გამხეცებული ხვარაზმელები ქალაქს მოედვნენ. დედებს ძუძუთა ბავშვებს სტაცებდნენ, ქვებზე ანარცხებდნენ და დედებსაც ზედ აკლავდნენ. მოხუცებს ქუჩებში ცხენებით თელავდნენ. ჭაბუკებს კვეთდნენ და ქალაქში სისხლი დიოდა, ადამიანთა და ცხენთა გვამეი ერთმანეთში იზილებოდა.

„ყვირილითა და ზახილითა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძვროდა ქალაქი...“ ირგვლივ ყველანი სიკვდილს ხედავდნენ: მშობელი შვილისას, შვილი მშობლისას, ძმა ძმისას, ცოლი ქმრისას, ქმარი ცოლისას. დაყრილ მკვდრებს არც კი ამარხვინებდნენ. მღვდლებს ჯვრებთან და ხატებთან ერთად მუსრავდნენ. ქალაქი უკვე სასაკლაოდ ქცეულიყო, მაგრამ ცუდრჯული ხვარაზმელები მაინც არ ცხრებოდნენ, ახალ, უსაშინლეს განსაცდელს ამზადებდნენ.

მედგრად იბრძოდა ღალატით ძმამოკლული ბოცო ბოცოს ძე, უკანასკნელ სიმაგრეს - ისანს იცავდა. მაგრამ ეს ბრძოლა სულ უქმი იყო, მეციხოვნენიც ამაოდ იხოცებოდნენ, ქალაქს ვერაფერს შველოდნენ. რუსუდანმა ბოცოს რამდენჯერმე შემოუთვალა, ციხე დათმეო; ალბათ იმისთვის, რომ მეომრები მაინც გადაერჩინა. აოხრებული, შეურაცხყოფილი, გმირი ქალაქი ბოცომ ბოლოს და ბოლოს დატოვა.

წმინდანთა ქალაქი

გვამებმა ლამის მტკვარიც შეაგუბეს. ქუჩები, ხრამები და ორმოები სულ ერთიანად ავსებულიყო. ხვარაზმელებმა ეკლესიები საფუძვლიანად მოარღვიეს, სიონის გუმბათი დალეწეს, ნაგუმბათარზე ბილწ ჯალალედინს  ტახტი მოუწყვეს, რათა სიკვდილით მხრჩოლავი ქალაქისათვის იქიდან უკეთ ეცქირა, დამტკბარიყო.

სიონიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოიტანეს, მეტეხის ხიდთან პირაღმა დაყარეს და ტყვე ქრისტიანებს მათზე გადავლა უბრძანეს. ღვთის გმობა არცერთმა ქრისტიანმა არ ინება. ურჩობისათვის მათ თავები წაჰკვეთეს.

ასი ათასამდე ქრისტიანს უბრძანეს ხატების შეურაცხყოფა, მაგრამ მტარვალებს არცერთი არ შეუშინდა, ქრისტიანობა არცერთმა არ უარყო. ყველანი სიკვდილით დასაჯეს და თბილისი ასი ათასი წმინდანის ქალაქი გახდა. სიხარბემ გააბრუა ხვარაზმელები. დააცხრენ უმდიდრეს ქალაქს, რომელსაც ასე წელიწადზე მეტი იყო, რაც უცხო და ავი არ ენახა.

ზიდეს, აგროვეს , ითვალეს, თავიანთი მოკავშირე ქალაქელი მაჰმადიანებიც დაუნდობლად გაძრცვეს და უმადურობით ისინიც განაცვიფრეს.

რუსუდანის ქმარი ჯალალედინს ეახლა; მან ქრისტიანობა განაგდო და თავი კვლავ მაჰმადიანად აღიარა, რისთვისაც ხვარაზმელმა უხვად დააჯილდოვა (თუმცა შემდეგ, როცა ჯალალედინს გაუჭირდა, მოღის-ედინი ხელახლა გაქრისტიანდა).

ქართველებმა თბილისი დაწვეს

ერთხელ ქართველებმაც იმარჯვეს: მაშინ როცა ჯალალედინი ხლათის ქვეყანაში იბრძოდა, აჯანყდნენ და ხვარაზმელები თბილისიდან გაყარეს. ჯალალედინმა ხლათის ქვეყნიდან პირი იბრუნა და ჯარს თბილისისაკენ გამოუძღვა.

ქართველებმა იფიქრეს, ქალაქს მაინც დავკარგავთ და ურიცხვ მტერს სულ ტყუილად შევაკვდებითო: თბილისი მათ ცეცხლს მისცეს, რათა გადამწვარ ქალაქში ხვარაზმელები დიდხანს ვერ დამკვიდრებულიყვნენ.

ბოლნისის ბრძოლა

რუსუდანმა ყველა კუთხის მეომრები შეყარა. დარიალის კარი გახსნეს და მთიელები გადმოიყვანეს. ნაჭარმაგევში სომხები, სირიელები და სხვები, თვით მაჰმადიანებიც კი მიემატნენ. ბოლნისს მიაშურეს. ქართველთა ლაშქრის სიმრავლემ ჯალალედინი შეაფიქრიანა. ვაზირებსა და დიდებულებს რჩევა ჰკითხა.

ერთ-ერთმა ვაზირმა უთხრა, ჩვენ მაგათ ვერ მოვერევით, ამიტომ გზები შევუკრათ, რათა სიცხემ და შიმშილმა თვითონ დაასუსტოთ და ცხენებიც დაუმჭლევდეთო.

- ცხვრების სიმრავლეს ლომი როდი შეუშინებია? - დაუღრიალა ვაზირს, თავში სამელნე სთხლიშა, პატიებაც ათხოვნინა და ჯარიმად ორმოცდაათი ათასი დინარი გადაახდევინა.

ქართველთა წყობას რომ ათვალიერებდა, მაღლობიდან ყივჩაღთა ალმები დაინახა; მიხვდა, რომ ქართველთა ლაშქარში უამრავი ყივჩაღი ჰყავდათ. მათ პური და ცოტაოდენი მარილი გაუგზავნა და ერთი ამბავი გაახსენა: ადრე, ოდესღაც, მამამისმა თურმე ყივჩაღების შემუსვრა იფიქრა, მაგრამ ჯალალედინმა გადაათქმევინა.

„სიკეთისათვის სამაგიეროს განა მახვილით გადამიხდით?“ - შეუთვალა ყივჩაღებს. ისინი, მართლაც, გადგნენ. ნაღალატევი ქართველები კიდევ ერთხელ დამარცხდნენ.

ხვარაზმშაჰის აღსასრული

მონღოლებმა ადარბადაგანი დაიპყრეს. ჯალალედინს საქართველოში აღარ დაედგომებოდა. ბასიანის მთებს მიაშურა. მიტოვებული, დევნილი ხვარაზმშაჰი ქურთებს გადაეყარა. ამ ქურთებს მისი ტანსაცმელი და აღკაზმულობა მოეწონათ. ვინ იყო, არც იცოდნენ... მოკლეს და მკვდრის ქონება გაინაწილეს.

ქურთები ქალაქში ჩამოსულან. ხვარაზმშაჰის ტანსაცმელი, ძვირფასი სარტყელი, უნაგირი, ისრების კაპარჭი რომ დაუნახეს, ყველაფერს მიხვდნენ, ქურთები შეიპყრეს და იქაურ სულთანს მიჰგვარეს. მკვლელები სულთანმა სიკვდილით დასაჯა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 11-17