მეფე ერეკლეს ქვეყანა

პატარა კახი

ერეკლე თავდაპირველად კახეთში მეფობდა, ხოლო შემდეგ ქართლ-კახეთის ხელმწიფე გახდა. მას პატარა კახს ეძახდნენ. ტანად პატარა, მკვირცხლი და დაუდეგარი კაცი იყო. ხმალი, თოფი და მხედრობა ემარჯვებოდა.

ყმაწვილობაშივე ომს დაეჩვია.

ერთხელ ლეკებმა ქიზიყი მოარბიეს. თხუთმეტი წლის ერეკლე ბატონიშვილმა სოფლებში ლაშქარი შეკრიბა და ნაალაფარით დატვირთულ ლეკებს ნეიშნის მინდორზე სწვდა. მტრის ხროვაში პირველი შეიჭრა, ხმალი პირველმა დაატრიალა და ლეკთაგან პირველი მეომარი თვითონ დასცა. უფლისწულის სიმამაცით აღტაცებული კახელები ლეკებს დაერივნენ, მუსრი გაავლეს, ტყვე და საქონელი დააყრევინეს და გამარჯვებულნი გამობრუნდნენ.

ქართველები ერეკლეს ამბებს ლექსად ყვებოდნენ:

ჩვენი ბატონი ერეკლე
ერთი პატარა კახია,
ჩაიცვა ჯაჭვის პერანგი,
გაკრა ხელი და გახია.

ქრისტიანი უფლისწული

სპარსელმა ნადირ-შაჰმა თბილისიდან ოსმალები გაყარა. მან კახეთის მეფობა ერეკლეს მამას - თეიმურაზს დაუმტკიცა, ქართლისა კი მის ძმისშვილს - ალი-ხანს. თეიმურაზი სპარსეთში იახლა.

ერთხელ გამოუცხადა, შენი შვილი დაიბარე, როცა ის ჩამოვა, კახეთში მაშინ გაგიშვებო.

კახელები და ქართლელებიც ერეკლეს სპარსეთში წასვლას უშლიდნენ, მაგრამ მან არ დაიშალა:

- მამაჩემი იმათ ჰყავთ, მისი თავისუფლება ჩემზე ჰკიდია და შინ როგორ დავდგე?!.

წავიდა.

მეფე თეიმურაზი და მისი მხლებლები შაჰმა დაითხოვა, ხოლო ჭაბუკი უფლისწული ლაშქრობაში იახლა; შაჰმა ერეკლეს ქრისტიანობა დაანება, იფიქრა, იქნება, ასე უფრო გავიერთგულოო.

ქართლ-კახეთის ხელმწიფეობა

თეიმურაზ მეფე მეტისმეტად ჭკვიანი და გამჭრიახი კაცი იყო. მშვიდობით ზოგჯერ უფრო მეტს მოიპოვებდა, ვიდრე ომით.

ნადირ-შაჰი თეიმურაზს ძალიან ენდობოდა. ეს ნდობა მთელ საქართველოს ძალიან გამოადგა: შაჰმა მას ქართლის, ხოლო მის შვილს - ერეკლეს კახეთის მეფობა მისცა. მამა თბილისის ტახტზე დაჯდა, შვილი - თელავის ტახტზე. მამამისის შემდეგ ერეკლეს ქართლის მეფობაც დარჩებოდა და ქართლ-კახეთი თავისთავად გაერთიანდებოდა.

თეიმურაზის გამეფება ქართლში გულით უზეიმიათ. მთელი თბილისი, მცხეთა ხარობდა: ქართლს, როგორც იქნა, ქრისტიანი მეფე ეღირსა.

თბილისის ციხეების ამბავი

ვახტანგ მეექვსის ძმის - იესეს გამაჰმადიანებულმა შვილმა აბდულა-ბეგმა (არჩილმა) გადაწყვიტა, ქართლის მეფობა ხელთ ეგდო. მან მიიმხრო სომხით-საბარათიანოს მხარის მეომრები, კავკასიაში მყოფი ყიზილბაში ხანები, მოისყიდა ლეკები და ავღანელები. სამშვილდის ციხეში ორი წლის სარჩოც კი დაიმარაგა.

კოდასთან აბდულა-ბეგის ლაშქარს ერეკლემ მუსრი გაავლო. ამის შემდეგ თბილისის მეციხოვნე ყიზილბაშებს მოხედა. ომში ამათ აბდულა-ბეგის მხარე ეჭირათ, მეტეხიდან და ნარიყალადან ქალაქს ყუმბარებს სცემდნენ. ამირინდო ამილახვარს მეფემ გორიდან დიდი ზარბაზანი ჩამოატანინა. ეს ზარბაზანი შინდისის მხარიდან თაბორის კოშკს დაუპირდაპირა. უკვე მეოთხე სროლაზე კოშკი დაილეწა.

კოშკზე პირველი აიჭრა გლეხი შავერდა მღებრიშვილი. მეტისმეტი სიახლოვის გამო ვერც მან და ვერც სპარსელებმა იარაღი ვერ იხმარეს. ერთმანეთს ხელით დაეჭიდნენ. შავერდას სხვებიც მიეშველნენ და ხელჩართულ ბრძოლაში სპარსელები სძლიეს. ერეკლემ ორივე ციხე გაათავისუფლა და შიგ ქართველები ჩააყენა და ეს ციხეები სპარსელებისა და ოსმალების ორასწლოვანი ბატონობისაგან დაიხსნა.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი III, გვ. 16-21