ლიხთიმერეთი არაბებს არ ეპყრათ - იქ ბიზანტიელები ბატონობდნენ. აფხაზთა ერისთავმა ლეონმა ხაზარები დაიხმარა. ბიზანტიელები განდევნა და მთელი ლიხთიმერეთი გააერთიანა. მას აფხაზთა მეფე ეწოდა. აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად ლეონმა ქუთაისი აირჩია. ლეონის შთამომავლები ქართლსა და კახეთსაც გადასწვდნენ, მაგრამ იქ დიდხანს ვერ დამკვიდრდნენ.
მალე კახეთმა და ჰერეთმა არაბებისაგან თავი დაიხსნეს. ეს მხარეც მომძლავრდა, მოღონიერდა.
წვრილი სამთვაროები თანდათან სამეფოებად იქცნენ. დადგა ჟამი, როცა ისინი ერთ დიდ, მძლავრ ქვეყანად - საქართველოდ უნდა შეკრებილიყვნენ.
იმიერ-ტაოში მეათე საუკუნეში ბრწყინვალედ მეფობდა დიდი დავით კურაპალატი. მას შვილი არ ჰყავდა, ამიტომაც თავისი ნათესავის, სხვა ტაოელი მეფის - გურგენის ვაჟი ბაგრატი იშვილა.
ქართლის გულს - უფლისციხეს, ერთხელ კახელები მიადგნენ დასაპყრობად. ქართლის ერისთავმა ივანე მარუშისძემ, რომელიც მეტისმეტად ჭკვიანი კაცი იყო, დავით კურაპალატს შეუთვალა, ქართლში გამოილაშქრე და ეს ქვეყანა ან შენ დაიტოვე, ან უფლისწულ ბაგრატს უბოძეო.
„ივანემარუშისძე ეძებდა ბაგრატს მეფედ“.
რატომ მაინცდამაინც ბაგრატს?
იმიტომ, რომ ბაგრატი ორი ტაოელი მეფის - დავითისა და გურგენის მემკვიდრე იყო. იგი მალე მთელი ტაოს მეფე გახდებოდა, ხოლო ქართლიც თუ მას ექნებოდა, ორი ქვეყანა - ტაო და ქართლი - გაერთიანდებოდა. გაერთიანება ხომ სწორედ იმას ჰქვია, სხვადასხვა კუთხეებს ერთი მეფე რომ ჰყავთ.
ბაგრატი აფხაზთა მეფის შვილიშვილიც იყო. ბაგრატის დედის ძმები - დიმიტრი და თეოდოსი ერთმანეთის მეფობას გადაჰყვნენ; დემეტრემ თეოდისს თვალებიც დაუწვა, რათა მას მეფობაზე ვეღარ ეოცნება, მაგრამ დემეტრე რომ გარდაიცვალა, ლიხთიმერლებმა ტახტზე მაინც ბრმა თეოდოსი დასვეს, რადგან დემეტრეს მემკვიდრე არ დარჩენია.
ივანე მარუშისძემ მაშინვე იაზრა: ლიხთიმერლები ბრმა კაცს დიდხანს მეუფედ ვერ მოითმენდნენ, ახლის ძიებას დაიწყებდნენ და ბაგრატს მიადგებოდნენ, რადგან ბაგრატის გარდა სხვა პირმშო-უფლისწული არც აფხაზეთის მეფეებს დარჩენოდათ.
დავით კურაპალატს ივანეს მიწვევა გულს ეცხო: მან ლაშქარი შეკრიბა და ქართლს მიაშურა. კახელებმა უფლისციხეს თავი ანებეს და უკან გაბრუნდნენ. დავითი ქვახვრელში დადგა. ივანე მარუშისძე მას სწორედ აქ მიეგება და უფლისციხეში ისინი ერთად შევიდნენ
ქართლი დავითმა ბაგრატს მისცა; რადგან ის მცირეწლოვანი იყო, მამამისი გურგენი დამხმარედ მიუჩინა. დავითმა ქართლის აზნაურებს გამოუცხადა:
- ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყველანი.
სამეფოს თავისი წესრიგი აქვს: ყველა დიდებული, გლეხი თუ აზნაური მეფეს უნდა დაემორჩილოს. ქართლის აზნაურები უმეფობას მიჩვეოდნენ და თავიანთ ნებაზე ცხოვრობდნენ. იჩურჩულეს და კახელები მოიწვიეს, უფლისციხე თქვენთვის დაგვითმია, ოღონდ ეს ბაგრატი მოგვაშორეთო.
კახელებმა უფლისციხე აიღეს, ბაგრატი და მისი დედ-მამა კი ტყვედ წაიყვანეს. აღშფოთებულმა დავით კურაპალატმა კახეთისაკენ ლაშქარი დაძრა. გზაში მას მოციქულები შეეგებნენ, ტყვეებს გავათავისუფლებთ, უფლისციხიდანაც წავალთ, ოღონდ ქართლში ორი ციხე-სიმაგრე - წირქოლი და გრუა ჩვენ მოგვეცითო, სთხოვეს.
ეს ციხე-სიმაგრეები დავითს, იქნებ, ძვირადაც უღირდა, მაგრამ სისხლისღვრას მათი დათმობა ამჯობინა. ბაგრატი უფლისციხეში დაბრუნდა.